
მომღერლები მარიამ როინიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი ხშირად კამათობენ და ერთმანეთს ებუტებიან. ამ დროს მათი მომრიგებელი მარიამის შვილი, 3 წლის ელენეა.
„ერთ კვირა დღეს, საღამოს, მარიამისთვის უნდა გამევლო და ქალაქგარეთ წავსულიყავით. იმ დღეს დავურეკე და არ მიპასუხა.
მივწერე, არც მესიჯზე მიპასუხა და მივხვდი, რომ აღარასოდეს დავურეკავდი. დაახლოებით ერთი თვე არ მომიკითხავს. მერე დამირეკა და ისე მელაპარაკა თითქოს მე არ ვპასუხობდი ერთი თვის წინ. თავის კონცერტზე დამპატიჟა, თითქოს მანამდე არაფერი მომხდარა... კონცერტი კარგი მიზეზია, რომ მეგობარი დაპატიჟო და შემოირიგო. მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ვერ შემირიგებდა.
დაიწყო რაღაცების ახსნა, ბევრი რამ იბოდიალა... მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა. ვიცოდი ბაკურიანში იყო. სიურპრიზი გავუკეთე და მარიამს ბაკურიანის პარკში დავხვდი. შვილიც თან ახლდა, საოცარი ბავშვია ელენე... ძალიან მიყვარს მათთან სტუმრობა. თამრიკოს გაკეთებულ კერძებზე ვგიჟდები...
არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მარიამზე სერიოზულად ნაწყენი დავრჩე. როცა ადამიანი გიყვარს, გამორიცხულია მას შეგნებულად დასწყვიტო გული. მარიამი 18 წლის იყო, როცა გავიცანი და დღესაც ზუსტად ისეთია, როგორიც მაშინ“, - განუცხადა ნოდიკო ტატიშვილმა „სარკეს“.
მარიამ როინიშვილის თქმით, ნოდიკო არის ადამიანი, რომელთანაც გულახდილად საუბარი შეუძლია.
„ნოდიკო საოცარი მოსაუბრეა, ყოველთვის ბოლომდე მისმენს. მასთან შემიძლია ჩემი სათქმელი ამოვხეთქო. ადამიანები ვიცვლებით, მაგრამ ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო ღვივდება, ჩვენ შორის სხვა არაფერი იცვლება...
ჩვენ ერთმანეთს პირდაპირ ვეუბნებით სათქმელს. ერთი პერიოდი ძალიან მოვიმატე წონაში. ნოდიკომ რომ დამინახა, მითხრა, რა არის, „კორმით“ ხომ არ იკვებებიო. იცით რა დამემართა? ტირილი მომინდა!
კიდევ კარგი, ეს ის ადამიანი არ არის, ვისაც შემიძლია თვალი ჩავუპაჭუნო ან გავეპრანჭო, თორემ შეიძლება მართლა გული გამსკდომოდა“, - განაცხადა მარიამ როინიშვილმა.
„სარკე“