
„კომედი ჯგუფის“ მსახიობი ნიკა არაბიძე პატრულმა სულ ახლახან ქარელი-გორის მონაკვეთზე დამაჯარიმა და „კანფეტივით“ 20-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები მის პრაქტიკაში ბევრი არ ყოფილა.
„7 წელიწადია ჯარიმის გადახდა არ დამჭირვებია. ახლახან მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, ქარელი-გორის მონაკვეთზე დამაჯარიმეს და „კანფეტივით“ 20-ლარიანი გადამახდევინეს. მე და ვახო ბიჭიკაშვილი ბათუმიდან ვბრუნდებოდით, სამსახურში მოგვეჩქარებოდა...
ჯარიმა არ გამიპროტესტებია – მეკუთვნოდა, მაგრამ ჩემზე მეტად ვახო აღშფოთდა, - ქართლში ჯარიმას როგორ გიწერენო?! პირველად 10 წლის წინ დამაჯარიმეს. უნდა ვაღიარო, ნასვამი გახლდით, წვეულებიდან შინ მივდიოდი. ვიცი, რომ საჭესთან ნასვამი ადამიანი არ უნდა დაჯდეს, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. ჰოდა, გზაში პატრულმა გამაჩერა, ჯარიმა გამომიწერა.
შემდეგ პატრულის თანამშრომლები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: - მანქანას ვინ წაიყვანსო? ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ ავტომობილს ორივე ხელს ვერ გავუშვებდი, ცალი ხელით რაიმეზე მოჭიდებული უნდა ვყოფილიყავი. ჰოდა, განვაცხადე, - ასეთი რა შემატყვეთ? სახლში მანქანით თავად მივალ-მეთქი!.. ერთი საპატრულო მანქანა წინ მიმიძღოდა, მეორე – უკან მომყვებოდა. შინ ესკორტითა და „წივილ-კივილით“ მიმიყვანეს.
დათრობის უფლებას არ ვაძლევ თავს, მაგრამ ადრე, მარტო ვცხოვრობდი და შინ იცი როგორი მთვრალი მივსულვარ? ოთახი რომ ტრიალებს ხოლმე, ხომ იცი? არა? ვაიმე, სირცხვილი შენი! ძალიან მთვრალი რომ ხარ, ოთახი ბრუნავს, ყველაფერი ტრიალებს, მაგალითად – ლოგინი „დადის“, შენ კი უნდა დაეწიო და შეახტე!.
ფანჯრების ლეწვა, თოფით სიარული და წელს ზემოთ ყველაფრის „შემოტრეტვა“ არ მჩვევია – კარგი სიმთვრალე მაქვს... ერთადერთი, ჩემ შესახებ ეს ჭორი არ გამიგია, რომ კაცებთან აქვს „ურთიერთობაო“, თორემ სხვა – ყველაფერი...“, - იხსენებს იუმორისტი.
რაც შეეხება ქალებთან ურთიერთობას და ფლირტს, ნიკა არაბიძეს ბავშვობაში ბევრი გოგონა უყვარდა და ჯერ კიდევ ბაღში, ცოლის მოყვანას აპირებდა.
„მერე დედამ ჩამომითვალა, თუ რომელი გვარის გოგონა არ უნდა შემერთო ცოლად და არ უნდა მყვარებოდა ისე, როგორც მამაკაცს – ქალი... ყველა ნათესავი გოგონა რომ ჩამომითვალა, ვისაც ვიცნობდი, ტირილით გავსკდი – უცოლოდ დავრჩენილვარ-მეთქი!“, - განაცხადა მსახიობმა და აღნიშნა, რომ ჭარბი წონის მიუხედავად, საშინლად არ უყვარს და არ იცავს დიეტას.
„ერთადერთხელ დავიცავი და ასე აღარ მოვიქცევი, თუკი ჯვარი მწერია და ექიმი არ დამინიშნავს! ყველა ჭარბწონიანს მოვუწოდებ, რომ დიეტა არ დაიცვას! ჯობია, ცოტ-ცოტა და ხშირად მიირთვათ, გვიან არ ივახშმოთ... შეგიძლია, ამ რჩევებს მიაწერო: „ცნობილი დიეტოლოგი – ნიკოლოზ არაბიძე“, - აცხადებს არაბიძე.
„გზა“