
როგორც ხატია სიჭინავა აცხადებს, აგვიტოში შვილს ელოდება, სახლში რემონტი აქვს, ამიტომ დასასვენებლად წასვლაზე არ ფიქრობს.
„ჩემი დასასვენებელი ადგილი ამჯერად ელიავაა. ზაფხულს ორ ნაწილად ვყოფ ხოლმე. ორი კვირით ბავშვები ბაკურიანში მიმყავს, მერე ზღვაზე მივდივართ და სექტემბერში უკან ვბრუნდებით.
შარშან წყნეთში სახლი გვქონდა აღებული 15 000 დოლარი გადავიხადეთ. ორი ოჯახი ვისვენებდით და თანხა გავიყავით. ბაკურიანში დასვენება კი დაახლოებით 5 000 ლარი ჯდება“, - აცხადებს ხატია სიჭინავა.
მარკუს მეტრეველი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, როგორ ხასიათზეც გაეღვიძება. „შეიძლება დავხარჯო ძალიან მასშტაბური თანხა და შესაძლოა, მხოლოდ ის თანხა გამოვიყენო, რომელიც მაქვს გადადებული. 5000 დოლარამდე თანხით რამდენიმე ქვეყანაში მაინც შევძლო დასვენება.
შესაძლებელია, ევროპაში უფრო ნაკლები დანახარჯებით დავისვენო, ვიდრე საქართველოში. საქართველოში ვერავის დავაცინინებ თავს, რომ პოსტკომუნისტური და ინფრასტრუქტურამოშლილ კურორტებზე, როგორც თურქები ტყვიან „ოთუსბირი“ გადავიხადო,“ -აღნიშნა მეტრეველმა.
ანრი ჯოხაძემ გადატვირთული გრაფიკის გამო, შესაძლოა მხოლოდ აგვისტოში მოახერხოს დასვენება.
„რამდენს დავხარჯავ წინასწარ ვერ ვიტყვი. მხარჯველი ადამიანი ვარ. დასვენებაში თანხის დახარჯვა ნამდვილად არ მენანება,“ - ამბობს მომღერალი.
სალომე გოგიაშვილი ბავშვებთან ერთად ისვენებს და დიდი თანხა ეხარჯება.
„თანხის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთ თემებზე საუბარი უხერხულია, როდესაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, ელემენტარული კომფორტი შეუქმნან თავიანთ თავს“, - აცხადებს გოგიაშვილი.
„რეიტინგი“