
9 აპრილს სანკტ-პეტერბურგში ჯგუფ "მგზავრების" კონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში განხილვა არ წყდება. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერ-სოლისტის დამ საპასუხო სტატუსი გამოაქვეყნა, მოლოდინი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
ქართულენოვანი "ფეისბუქის" მომხმარებლებიდან ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასწარ ატეხილი სკანდალის გამო, "მგზავრებს" მიეცათ საშუალება, თავიანთი მოულოდნელი ქმედებით გააბათილონ უარყოფითი დამოკიდებულება კონცერტის 9 აპრილს დანიშვნის მიმართ. კერძოდ, რამდენიმე იუზერმა ივარაუდა, რომ სწორედ ამ სკანდალის გამო, შესაძლოა, "მგზავრებმა" კონცერტზე მისულ მაყურებლებს განუცხადონ, რომ პროტესტის ნიშნად აუქმებენ კონცერტს დღეს და ეს წინასწარ იმიტომ არ გამოაცხადეს, რომ მომღერლებს უშუალოდ სცენიდან, რუსი მაყურებლებისა და მსმენელების თანდასწრებით გაეკეთებინათ განცხადება.
"ფეისბუქის" მომხმარებელთა მეორე ნაწილის აზრით, ამის გაკეთებას "მგზავრები" ვერ შეძლებენ, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ კონცერტის ორგანიზატორი კომპანიისგან დიდი ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან და მეორეც, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ "მგზავრები" ამისთვის ჩავიდნენ სანკტ-პეტერბურგში.
რაც შეეხება ანსამბლის სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის დას, მან დაწერა, რომ "მგზავრები" 9 აპრილს, კონცერტის წინ ვიდეოინსტალაციას და 9 აპრილს დაღუპულებისთვის პატივის მიგებას წუთიერი დუმილით გეგმავენ.
შეგახსენებთ, 7 აპრილს "მგზავრების" კონცერტი მოსკოვში ჩატარდა, 9 აპრილს კი მათ სანკტ-პეტერბურგში ელოდებიან, საიდანაც რუსეთში დაწყებული ტურნე გაგრძელდება. 9 აპრილის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.