
კოტე თოლორდავას მოსკოველი მეგობარი რეჟისორი ედუარდ ოგანესიანი ამბობს, რომ მსახიობის იდუმალ გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზნით იყო ჩასული კოტე მოსკოვში და რატომ არ დაურეკა მას, მაშინ როცა იცოდა, რომ არანაირი სასტუმრო არ დასჭირდებოდა.
„მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოგანესიანი უცნაურ დეტალებზე საუბრობს.
„ერთადერთი, რისი გაგებაც მოვახერხე, ისაა, რომ კოტეს ცხედარს ორშაბათს თბილისში გადაასვენებენ. რატომ ჩამოვიდა მოსკოვში, რა ფილმში იღებდნენ - ჩემს კოლეგებს ვკითხე „ფეისბუქზე“ და ვერავინ მპასუხობს. მე მგონი, გასარკვევია, რატომ ჩამოვიდა, ვისთან ერთად იყო ნომერში და საერთოდ, რატომ წავიდა სასტუმროში?
რატომ არ დამირეკა, როგორც სხვა ჩამოსვლის დროს აკეთებდა? მან ხომ იცოდა, რომ არც სასტუმრო დასჭირდებოდა და არც არაფერი? სხვა დროს მირეკავდა წინასწარ, სანამ ჩამოფრინდებოდა, და მეკითხებოდა: „ედუარდ, მოსკოვში მოვდივარ, შეგიძლია დამხვდე?“ და რასაკავირველია, ვხვდებოდი ხოლმე. რა მოხდა ახლა? ისიც კი ვერ გავიგე, ტრაგედია რომელ სასტუმროში მოხდა...“, - აცხადებს ოგანესიანი.
მისი თქმით, თოლორდავა პირველად თბილისში გაიცნო, როცა მოკლემეტრაჟიანი ფილმის პერსონაჟის შესარჩევად კასტინგს ატარებდა. იქ მისული კოტე თოლორდავა, ოგანესიანის თქმით, მეგობრის ქორწილიდან მოდიოდა და ძალიან მხიარული იყო. ოღონდ, ქართულად საუბრობდა.
„ნუთუ რუსულად არ საუბრობთ?“, - ვკითხე მე. „კი, მაგრამ მრცხვენია“-მიპასუხა მან და გადავიდა რუსულზე, რაც ძალიან კარგად გამოსდიოდა - აქცენტით და კარგი იუმოროთ. მე ის მაშინვე დავამტკიცე როლზე, მერე კი სრულმასშტაბიანი ფილმის გადასაღებად ჩავედი და სცენარი სპეციალურად მოვარგე კოტეს“, - იხსნებს ოგანესიანი.
ოგანესიანი ამბობს, რომ კოტე თოლორდავამ პოპულარობა საქართველოში ცნობილ სერიალში მონაწილეობით მოიპოვა: „ვინც არ იცოდა, ვინ იყო, ყველა კითხულობდა, ვინ არის ასეთი მაგარი მსახიობიო. და ცხადია, ყველამ გაიცნო. მას ჰქონდა მკვეთრი, დასამახსოვრებელი სიცილი და ძალიან სევდიანი თვალები. შეგეძლო, ეს თვალები მსხვილი პლანით გადაგეღო. მე გეტყვით, რომ ის უყვარდათ, როგორც ევგენი ლეონოვი...
ის ნამდვილი არანორმალური იყო... იცით, რა გააკეთა? თავის მომავალი მეუღლე, ნამდვილი მზეთუნახავი როგორ მოიყვანა ცოლად? მის სახლს ამწე მიაყენა, ააწევინა მის სართულზე სპეციალური ბაქანი, მიართვა ყვავილები, გადმოსვა და წაიყვანა მმაჩში... აი, ასეთი კაცი იყო...“, - იხსენებს კოტე თოლორდავას რეჟისორი.