
მათ შორის, ვისაც ბანკებიდან სესხები დოლარში აქვს გამოტანილი და გადახდის პროცესი მძიმე ტვირთად დააწვათ, ცნობილ ქართველებიც არიან.
როგორც მსახიობი ზურა ყიფშიძე ამბობს მასაც სესხი დოლარში აქვს აღებული და შესაბამისად, ამ პროცესის მსხვერპლია.
„არ ველოდი ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები ლართან მიმართებაში, მაგრამ ეს საერთო კრიზისი ყველას შეგვეხო.
ეს ოჯახის სესხია, თავის დროზე რაღაც შეცდომების გამო ავიღეთ, ოჯახის სხვადასხვა წევრების, ჩემი, რემონტის და ა.შ. ვიხდი და ვიხდი. უკვე ცუდად არის საქმე. ბანკები კი აკეთებენ საქმეს, ყველას მოგება უნდა დარჩეს, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცენ.
ჩემი აზრით, ალბათ უნდა დააკლონ ბანკებმა პროცენტი. ეს რთული საკითხია და ადვილად ვერავინ გაგცემთ პასუხს, ვერც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვერც მთლად პრეზიდენტი,“ - აცხადებს მსახიობი.
ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება ავტომატურად იწვევს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესის ბოლომდე დანგრევას, ასევე პირადი იპოთეკების ხელოვნურ გაძვირებას.
„ ...თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან. დიდი თანხაა ნამდვილად. პირადი სესხი მაქვს "თიბისი ბანკში" დაახლოებით 100 000$-მდე.
როდესაც არ არსებობს ბიზნესის განვითარებისთვის მდგრადი და მშვიდი გარემო, როდესაც მომავლის განსაზღვრა შეუძლებელია, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერევა ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში, მოსალოდნელია ასეთი რყევები,“ - აღნიშნა გიორგი კორახაშვილმა.
„7 წლის წინ ავიღეთ სესხი "საქართველოს ბანკში" სახლის ასაშენებლად. მერე ომი დაიწყო და შეჩერდა მშენებლობა. თავდაპირველად სესხი 20 პროცენტში გვქონდა აღებული, შემდეგ ბანკმა დაგვიკლო პროცენტი. რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება, ამას ვერ ვიტყვი, ჯობია ამის გამოსწორებაზე სპეციალისტებმა იზრუნონ და ისაუბრონ“, - ამბობს ლელა წურწუმიას მეუღლე, კახა მამულაშვილი.
დოლარში აღებული სესხი ანრი ჯოხაძესაც აღმოაჩნდა:
„ვსარგებლობ დოლარში აღებული სესხით, რამდენიმე ათასი დოლარი ავიღე, საქმისთვის მჭირდებოდა.
დაახლოებით ათას დოლარამდე დამრჩა გადასახდელი და ლარის დევალვაცია ნაკლებად შემეხო. ვისაც დიდი სესხი აქვს, მათზე უფრო აისახებოდა ეს. მე ჩემი ყველა საბანკო ანგარიში დოლარში გადავიყვანე, როგორც კი მივხვდი, რომ ლარი ძალას კარგავდა.
გამიმართლა ფინანსურმა ალღომ. მხოლოდ შოუ-ბიზნესში არ მიმართლებს,“ - დასძინა ანრი ჯოხაძემ.
მომღერალ ნინა წკრიალაშვილის თქმით, თუ ასე გაგრძელდა კატასტროფამდე მივალთ.
„ზაფხულში დამჭირდა რაღაც თანხა და ავიღე სესხი დოლარში. გუშინ შევიტანე პროცენტი და მივხვდი, რომ ბევრი იყო გადასახდელი. კიდევ კარგი, დიდი თანხა არ არის, პატარა სამომხმარებლო სესხია და გადარჩენილი ვარ.
ჩემს მეგობრებს სახლები აქვთ ნაყიდი ასე და გაგიჟებულები არიან. ოტიმისტი ვარ და გამოსავალს ყველაფერში ვხედავ. კატასტროფული მდგომარეობაა, ჩემს მეგობარს ყოველთვიურად 500 დოლარის შეტანა უწევს, დაახლოებით 800 ლარი შეჰქონდა და მითხრა, ახლა ათას ლარზე მეტი შემატანინესო. ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ,“ - განაცხადა მან.
„კიდევ კარგი, სესხი დოლარში არ მაქვს აღებული. ბინის ქირას ვიხდი დოლარში. ყოველთვიურად 400 დოლარს მხოლოდ სახლში ვიხდი. როცა ვიქირავე, 600 ლარის გადახდა მიწევდა, ახლა კი 800 ლარს გადასცდა. კუპონი გახდა ლარი და ეს ძალიან მოქმედებს. იმედი და სურვილი მაქვს, რომ ლარის კურსი გაუმჯობესდება, მაგრამ პოზიტიური ამბავი დიდი ხანია არ მსმენია.
ვეღარ ვუძლებ რაღაცებს, რადგან აბსოლუტურად დაუცველები ვართ. ხომ მშვიდობაა?! რაღაც ხომ უნდა გაგვიხარდეს და მოგვეწონოს?! ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არისო... ამიხსენით, რა არის კარგად, როცა თვითგადარჩენაზე ვართ?“ - აღნიშნა მსახიობმა ზუზუ ბეჟაშვილმა.
ambebi.ge