
თავის დროზე „მაკარენას“მოტივებზე შექმნილი კლიპი, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების რამდენიმე ულამაზესი გოგონა ცეკვავდა, თითქმის ყველა მუსიკალური გადაცემების TOP-ათეულის პირველ ადგილს იკავებდა, იმ გოგონებზე კი მსოფლიოს ბევრი მამაკაცი ოცნებობდა.
წლების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი, ფერადკანიანი ბრაზილიელი სამბას მოცეკვავე, ქართველების რძალი გახდა.
ქართლელმა 30 წლის ზურა დოდაშვილმა და 36 წლის ბრაზილიელმა დენი დასივაგომესმა ერთმანეთი გერმანიაში, ქალაქ ჰაგენის ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში გაიცნეს. უბრალო ნაცნობობა ჯერ - მეგობრობაში, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა, ცოტა ხნის წინ კი სამოქალაქო ქორწინებით დაგვირგვინდა.
ზურას 2013 წელს საქართველოში დაბრუნება მოუწია. პროფესიით რეჟისორი რამდენიმე ბარ-რესტორანში მზარეულად მუშაობს, თუმცა, ისევ გერმანიაში აპირებს დაბრუნებას.
ქართველ მეუღლეს ბრაზილიელმა ლამაზმანმა ამ ერთი წლის მანძილზე უკვე მესამედ ჩამოაკითხა.
„მივხვდი, რომ მის გარეშე ყოფნა არ შემეძლო და საქართველოში ჩამოვაკითხე. სამწუხაროდ, სამსახური არ მაძლევს უფლებას, სულ აქ ვიყო. პროფესიონალი სამბას მოცეკვავე ვარ, თუმცა, კოსმეტოლოგადაც ვმუშაობ.
საქართველოს შესახებ ბევრი რამ გავიგე და ისე მომწონს, მომავალში აუცილებლად აქ ვიცხოვრებ მეუღლესთან ერთად.
ქართველებსა და ბრაზილიელებს ბევრი საერთო გვაქვს, ორივე ერი კეთილია, ტემპერამენტიანი, ამიტომაც კარგად ვეწყობით ერთმანეთს.
მართალია, ბრაზილიელებისგან განსხვავებით, ქართველები ზედმეტად სერიოზულები და კონსერვატიულები ხართ, მაგრამ როგორც ვხდები, ეს თქვენი ერის დამახასიათებელი თვისებაა, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ.
ულამაზესი ბუნება გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ მცხეთასა და ანანურში ვიყავი, ძალიან მომწონს საქართველო.
ყველაზე მეტად ეკლესიებმა გამაოცა. როცა მცხეთაში შესვლისას სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს ვუყურებ, მგონია, რომ ფილმ "იესოს" გადასაღებ მოედანზე ვარ“- ამბობს დენი დასივაგომესი.