
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე პარტნიორობას ნოდიკო ტატიშვილს უწევდა, რომელმაც ფინალში მეორე ადგილი დაიკავა და ავტომობილი მოიგო.
„ხუთი სეზონის განმავლობაში ფინალში პირველად მოვხვდი. მე და ნოდიკოს იმედი კი გვქონდა, რომ ფინალში ვიქნებოდით, მაგრამ აუტსაიდერებში დგომის გარეშე არ მოველოდით.
განსხვავებული და განსაკუთრებული პარტნიორები მყავდა. ყოველთვის მიმართლებდა. გიორგი ყიფშიძეს მანამდე არასდროს უცეკვია, მაგრამ საერთოდ არ გამჭირვებია მასთან ერთად ცეკვა. ნოდიკო ტატიშვილი კი, პირველ რიგში, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ის არის ჩემი მეორე ძლიერი ვარსკვლავი პარტნიორი. ნოდიკოსთან ერთად შესრულებული ტანგო ჩემთვის განსაკუთრებული იყო.
იმდენად ფანატიკურად მიყვარს ცეკვები, სახლში ღამის სამ-ოთხ საათზე ძალიან დაღლილი რომ მივდივარ, ამავე დროს ძალიან ბედნიერი ვარ. იანვრის ბოლოს ეგვიპტეში ზღვაზე წასვლას ვგეგმავ და მანამდე მინდა ბაკურიანში ან ყაზბეგში დავისვენო. პროექტის მერე კარგად რომ არ დავისვენო, ზუსტად ვიცი, გადავიწვები.
რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, ეს რამდენად სერიოზულია, ჯერ ჩემს თავშიც არ ვარ გარკვეული, მაგრამ მგონია, რომ უფრო ვარ შეყვარებული, ვიდრე არა. თუმცა ვინ არის, ამას ვერ გეტყვით.
ჯერ ძალიან პატარა, 23 წლის ვარ და არ ვაპირებ ამ ასაკში ოჯახის შექმნას. ოჯახის შექმნა ძალიან სერიოზული ნაბიჯია. მინდა ვიცოდე, რომ ფეხზე მყარად ვდგავარ და ეს ნაბიჯი მერე გადავდგა. ვფიქრობ, რომ „მასაც“ მოსწონს რომ ვცეკვავ. ამის დიდი იმედი მაქვს.
რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე ის ყველაფერი, რასაც ჩემზე ამბობდნენ და წერდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს ვეუბნებოდი, ჯული, ყველაფერი შენ გაძლიერებს და გზრდის-მეთქი და მეორე დღეს უფრო ძლიერს მეღვიძებოდა. რა თქმა უნდა, პირველად რომ გავიგე, რასაც ჩემზე ამბობდნენ, ბევრი ვიტირე. ყველაფერი გაზვიადებულად და ცუდად ეწერა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი ხდება,“ - ამბობს ჯულანა ბარ-გნარი.
reitingi.ge