
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომელიც პირდაპირ ხაზზე ქვეყნის მოქალაქეებს პასუხობს, დარბაზიდან შეკითხვა დაუსვა ბრიტანული წარმოშობის ფერმერმა, რომელიც 23 წელზე მეტია, რუსეთში ცხოვრობს. მისი თქმით, სტატისტიკა არ უყვარს, რადგან ის ყველგან იტყუება. "თქვენ გჯერათ სტატისტიკის?", - ჰკითხა მან ვლადიმირ პუტინს.
"სტატისტიკას უფრო ვენდობი, ვიდრე პირიქით, რადგან მიმაჩნია, რომ სწორ სტატისტიკას მაძლევენ", - უპასუხა მას პუტინმა და იქვე დაამატა, რომ სტატისტიკისადმი უნდობლობა ყველა ქვეყანაში არსებობს. ფერმერს მან საქმიანობის გაგრძელებისკენ მოუწოდა და დაპირდა, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სუბსიდირების თაობაზე მის ბიზნესსაც შეეხება.
რუსეთში მცხოვრებმა ფერმერმა თავისი შეკითხვის შესავალში განაცხადა, რომ მისი ბიზნესი იძირება, რადგან ბანკები გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტებს არ იძლევიან. მისი თქმით, ის დღეში 29-30 ლიტრ რძეს აწარმოებს, მაგრამ რადგან მყიდველთან პირდაპირ ხაზზე ვერ გადის, უწევს დაახლოებით 17 რუბლად რძის ჩაბარება ქარხანაში, რომელიც შემდეგ მას 72 რუბლად ჰყიდის:
"მე მიყვარს რუსეთი, 5 შვილი მყავს, მე დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ რუსეთში მათ კარგი მომავალი ექნებათ", - განაცხადა ფერმერმა.
"გააგრძელეთ. თავად ის ფაქტი, რომ თქვენ ამდენი წელია, ამ საქმიანობას ეწევით და ეს სფერო არ ჩამოშლილა, მეტყველებს იმაზე, რომ ის მოქმედებს", - უთხრა მას ვლადიმირ პუტინმა.