
ბელგრადში, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი სერბეთისა და ალბანეთის ნაკრებ გუნდებს შორის 42-ე წუთზე შეწყდა, რადგან სათამაშო მოედნის თავზე გამოჩნდა ფრანი ალბანელების პროვოკაციული დროშით.
ჯერ კიდევ მატჩის თარიღამდე გაცემული უეფას რეკომენდაციის თანახმად, სტადიონზე არ იყვნენ ალბანელი გულშემატკივრები, ხოლო ამავე რეკომენდაციით, ერთი წლის შემდეგ, განმეორებით მატჩს სერბი გულშემატკივრები არ უნდა დაესწრონ.
თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, როცა მოულოდნელად, სათამაშო მოედნის თავზე ფრანი გამოჩნდა. მასზე ალბანელების პროვოკაციული დროშა იყო მიმაგრებული. სერბების მცველმა სტეფან მიტროვიჩმა შეძლო, ძირს დაშვებულ დროშას ნახტომში მიწვდომოდა და იგი ფრანიდან ჩამოეგლიჯა. მასთან ალბანელმა ფეხბურთელმა მერგიმ მავრაიმ მიირბინა.
ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო და მასში ორივე ნაკრების ფეხბურთელები ჩაერთნენ. მოედანზე შეღწევა სერბეთის ნაკრების ნიღბიანმა ფსევდოგულშემატკივრებმაც შეძლეს. ჩხუბმა მასობრივი სახე მიიღო, თუმცა, სიტუაციის განმუხტვა თავად ფეხბურთელებმა მოახერხეს.
ბრიტანელმა არბიტრმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მოედნიდან გასვლისას გულშემატკივრებმა ალბანელ ფეხბურთელებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს, დაშავდა რამდენიმე ფოტორეპორტიორი, თუმცა, ალბანელმა სპორტსმენებმა და ნაკრების შტაბის წევრებმა მოედანი დაზიანების გარეშე დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ ბელგრადის "პარტიზანის" სტადიონის ტრიბუნების წინა პლანზე გამოფენილ პლაკატებს შორის ერთერთი იყო "დიდება პუტინს".
ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა იხილეთ ფოტოსურათების შემდეგ