-
2014-08-14 14:01
ანაკლიაში "კაზანტიპის" საწინააღმდეგო მსვლელობის მონაწილეებს პოლიციელებმა ანაკლია-განმუხურის ხიდთან გზა გადაუკეტეს. აქციის მონაწილეები განმუხურში, ფესტივალის ჩატარების ადგილამდე მისვლას გეგმავდნენ.
მას შემდეგ, რაც პოლიციის დამატებითმა ძალებმა, რომლებიც ანაკლიასა და განმუხურში გუშინდელი დღიდან განათავსეს, აქციის მონაწილე სასულიერო პირებსა და მრევს გზის გაგრძელების უფლება არ მისცეს, სასულიერო პირებმა რამდენიმე ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
განსაკუთრებული აგრესიით ცალკეული პირები "ტაბულას" ჟურნალისტების მიმართ გამოირჩეოდნენ. ერთერთმა სასულიერო პირმა ფესტივალის ჩატარების მომხრე ჟურნალისტებს "მეძავები" უწოდა, ხოლო პოლიციელებზე, რომლებიც ხიდს იცავენ, თქვეს, რომ "მათ თამარ ჩერგოლეიშვილი მართავს".
საპროტესტო აქცია ანაკლიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სამშვიდობო პარაკლისის გადახდის შემდეგ დაიწყო. აქცია რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა. მსვლელობის მონაწილეებს ხელთ აქვთ პლაკატები: "კაზანტიპი" გარყვნილებაა!", "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად" და სხვა.
"ტაბულას" და "ინტერპრესნიუსის" ფოტოები.
