„კაზანტიპის" საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქციის გამო განმუხურში შსს-ს დამატებითი ძალებია მობილიზებული

Image

13 აგვისტოს 16.00 საათიდან ზუგდიდიდან განმუხურის მიმართულებით შსს-ს დამატებითი ძალები და ჯავშანტექნიკა გადაისროლეს, - ამის შესახებ „აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

 

  • ლაშა ბერულავა

 

პოლიციელებით სავსე რამდენიმე ავტობუსი და პოლიციის რამდენიმე დაჯავშნული მანქანა განმუხური-ანაკლიას მიმართულებით 13 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გადაადგილდებოდა. პოლიციელები ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიაზე განთავსდნენ.

 

ჯერჯერობით, ამ გადაადგილების შესახებ შსს-ს მხრიდან განმარტება არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, შსს-ს დამატებითი ჯგუფების გადასროლა ანაკლია-განმუხურის მიმართულებით ე.წ. კაზანტიპის რესპუბლიკის ორგანიზებით დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის საწინააღმდეგოდ 14 აგვისტოს დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

 

აქციის 14 აგვისტოს ჩატარება სასულიერო პირებმა და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა", ასევე, რამდენიმე სხვა ორგანიზაციამ დაანონსა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აქციის ორგანიზებას არ ახდენს საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განმარტებით, სასულიერო პირები, რომლებიც აქციას აანონსებდნენ და მისი ჩატარების სურვილს გამოთქვამდნენ, პირად პოზიციას აჟღერებენ.

 

წინასწარი ინფორმაციით, დღეს შუადღიდან გადაიკეტება ანაკლიისა და განმუხურის სანაპიროს მისადგომები. ოფიციალურად, ეს ზომები ფესტივალის უსაფრთხოებას უკავშირდება, თუმცა, მოსახლეობა ვარაუდობს, რომ თითქმის ერთი კვირით ადრე გზის გადაკეტვა სწორედ „კაზანტიპის ფესტივალის" საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქციითაა განპირობებული.

 

როგორც „აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტი განმუხურიდან იუწყება, შსს-ს საგუშაგოებს, რომლებიც გალის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვართანაა განთავსებული, კიდევ ერთი საგუშაგო რამდენიმე დღის წინ დაემატა. ის განმუხურიდან გალის რაიონისკენ მიმავალ საავტომობილო და საურმე გზაზე განთავსდა. ახალი საგუშაგო სანაპიროზე მდებარე კიდევ ერთი საგუშაგოდან დაახლოებით ერთი კილომეტრითაა დაშორებული.
საგუშაგოზე გაკეთდა ბლინდაჟი და სათვალთვალო კოშკი. ადრე გახსნილი საგუშაგო ზედ სანაპიროზეა განთავსებული და აკონტროლებს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა დამსვენებლები შემთხვევით ან წინასწარგანზრახვით არ მოხვდნენ.

 

განმუხურში გახსნილი ახალი საგუშაგო გალის რაიონისკენ მიმავალ გზასთან ერთად, შემოვლით გზებსაც აკონტროლებს, რაც შემოსაზღვრულ, ფესტივალის კუთვნილ ტერიტორიაზე უცხო პირების მოხვედრის პრევენციას ისახავს მიზნად.

 

ამასთან, „აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, საგუშაგოებზე განთავსებულ პოლიციელებს მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ დაუბრკოლებლად გამოატარონ ახალგაზრდები გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონის მიმართულებით, თუკი ისინი გადაადგილების მიზეზად ფესტივალზე დასწრების სურვილს დაასახელებენ.
ინსტრუქციის მიხედვით, ეს ქმედება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების თვალში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკეთესი ინფრასტრუქტურისა და ზოგადად, მრავალფეროვანი გასართობი სანახაობის გამო ე.წ. „საქართველოსთან დარჩენა სჯობია" წარმოდგენის დამკვიდრებას უწყობს ხელს და მათ დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრირების სურვილს უჩენს.

 

შეგახსენებთ, რომ იგივე პრინციპი მოქმედებდა წინა ხელისუფლების პირობებშიც, რის გამოც ზუგდიდში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ არამარტო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებიდან ქვეითად, არამედ ავტომანქანებით გადმოსული პირებიც, რომლებსაც ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის" „სახელმწიფო" ნომრები ჰქონდათ.

 

ამავე დროს, შესაძლოა, განმუხური-ანაკლიას მისადგომების გადაკეტვას პროტესტი მოჰყვეს იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ზუგდიდიდან და მიმდებარე სოფლებიდან, ოჯახის წევრებთან, მათ შორის, ბავშვებთან ერთად ავტომანქანებით ყოველდღე მიემგზავრებიან ანაკლიასა ან განმუხურში, რათა სანაპიროზე დაისვენონ.
„მე არც „კაზანტიპი" მაინტერესებს და არც გალის რაიონში ვაპირებ წასვლას. მე მიმყავს ჩემი შვილები და ძმისშვილები, ხარჯს ვწევ და ვასხამ ბენზინს დღეში ორჯერ, რათა ბავშვებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დავისვენო, ზღვაზე გავგრილდე და მზეს მივეფიცხო. რას ჰქვია, არ გამატარებენ, საქართველოს მოქალაქე ვარ და საქართველოს ტერიტორიაზე, ნებისმიერ ღია ზონაში შემიძლია გადაადგილება. ასეც მოვიქცევი. ქვეყანა ჩალით კი არაა დახურული...", - უთხრა „აფხაზეთის ხმას" 38 წლის ზუგდიდელმაკოკა მებონიამ.

 

განმუხურის სანაპიროზე სწრაფი კვების ობიექტებისა და კარვების ქალაქის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ამას აქამდე არ შეუქმნია პრობლემები დამსვენებლებისთვის. განმუხურის სანაპიროს დღის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანი სტუმრობს, მათ შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

 

სანაპიროსთან მდებარე ავტოსადგომთან, საქართველოს სახელმწიფო ნომრიანის გარდა, ნახავთ რუსეთის, სომხეთისა და უკრაინის სახელმწიფო ნომრიან ავტომანქანებსაც.

 

ე.წ. კაზანტიპის რესპუბლიკის ტერიტორია უკვე შემოღობილია და ზღვაზეც მონიშნულია „რესპუბლიკის" ტერიტორიული წყლები. გამართულია ასევე სიმბოლური ნავმისადგომიც. გავრცელებული ინფორმაციით, „კაზანტიპის რესპუბლიკამ" ეს ტერიტორია იჯარით მომავალი ათი წლის განმავლობაში, ყოველი აგვისტოს 10 დღით აიღო.

 

განმუხურის სანაპიროს მიმდებარედ კარვებისთვის ხის ინსტრუქციებს ადგილობრივ ხელოსანთა ჯგუფი აგებს, რომლებიც „კაზანტიპის რესპუბლიკის" ხელმძღვანელობამ დაიქირავა და მიზერულ ყოველდღიურ თანხას უხდის, ხოლო ფესტივალის დაწყების შემდეგ მცირე ზომის ორადგილიან კარვებში ერთი ადგილის ფასი 15 ევრო იქნება. შემოსავალი „კაზანტიპის რესპუბლიკის" ბიუჯეტს შეავსებს.

 

ამასთან, ფასიანია ე.წ. ვიზა და ბილეთები, ხოლო „კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე განთავსებული საწყობებიდან კვების პროდუქტების გამოსატანად 300 ლარის გადახდა მოუწევთ სწრაფი კვების იმ ობიექტებსა და კომპანიებს, რომლებმაც განმუხურში თავიანთი სავაჭრო წერტილების გახსნაზე განაცხადი შეიტანეს და ამ დრომდე ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ. სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე გახსნილი კვების ობიექტები, ასევე, შეუფერხებლად იმუშავებენ.

 

ფესტივალის დაწყების თარიღის მოახლოების მიუხედავად, განმუხურის სანაპიროზე არ არის დაწყებული ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ისეთი სამუშაოები, რომლებიც ყოველდღიურ ყოფას უკავშირდება.
მაგალითად, მოუწესრიგებელია სანაპიროს ღია საშხაპეები, უგულებელყოფილია სანაგვე ურნების განთავსების პრინციპი, სანაპირო სავსეა კვების პროდუქტების ნარჩენებითა და ნაგვით, კეთილმოწყობილი კვების ობიექტების გვერდით შეხვდებით სარეველა ბალახით დაფარულ სათამაშო მოედნებსა და შემოსაზღვრულ ტერიტორიას, სანაპიროს გასწვრივ ბალახობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - თუ არ ჩავთვლით კერძო სექტორს, ადგილობრივი ხელისუფლება, ფაქტობრივად, წინასაფესტივალო სამზადისში ჩართული არ არის.

 

ganmux.jpg

ganmux2.jpg

ganmux3-.jpg

ganmux1.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !