
კიევში უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, 42 წლის გიორგი ლობჟანიძე, იგივე „კუწუ“ და კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად „კახელო“ დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ დონბასელი ტერორისტების სასარგებლოდ „მუშაობა“.
უფრო კონკრეტულად, უკრაინული მედიის ცნობით, ორივე დაკავებული ბოლო დროს დონბასში, დონეცკის ოლქში ცხოვრობდა. ამასთან, „კუწუ“ კრიმინალური სამყაროს დანაშაულებრივ ჯგუფებს აკონტროლებდა და გავლენა ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც, სადაც ნიშნავდა ე.წ. მაყურებლებს და აკონტროლებდა „საერთოს“.
უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, სეპარატისტული გამოსვლების შემდეგ დაკავებულებმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მოხალისეთა სახელით რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი შექმნეს, რომელთა მიზანი ყაჩაღური თავდასხმების ორგანიზება და ცეცხლსასროლი იარაღის მიზნით კონკრეტულ დაწესებულებებზე თავდასხმა იყო.
ამას გარდა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების თხოვნით, „ავტორიტეტები“ ცდილობდნენ გაემწვავებინათ სიტუაცია დონბასში არსებულ პენიტენციალურ დაწესებულებებში, მასობრივი არეულობის მოწყობისა და მსჯავრდებულთა მასობრივი გათავისუფლების მიზნით, რათა მათ ბოევიკთა რიგები შეევსოთ.
მას შემდეგ, რაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გადამწყვეტი ფაზა დაიწყო და სამთავრობო ძალებმა დონბასში სტრატეგიული დასახლებული პუნქტები დაიკავეს, ორივე კრიმინალური ავტორიტეტი კიევში გაიქცა, სადაც დააკავეს კიდეც.
„პრაიმკრაიმის“ დოსიეს მიხედვით, „კუწუ“ ე.წ. კანონიერი ქურდის ტიტულს 2004 წლიდან ატარებს, რამდენჯერმე ნასამართლევია საქართველოში, წარმოშობით კი რუსთავიდანაა.