-
2014-07-14 02:52
ორი ღირსეული ნაკრების ფინალი ბრაზილიაში გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ არგენტინელები მაინც კარგად იბრძოდნენ, იმის მიუხედავად, რომ ისინი რამდენჯერმე ახლოს იყვნენ მიზანთან, იმის მიუხედავად, რომ მესისგან ყველა სასწაულს ელოდა, სასწაული არგენტინელებისთვის არ მოხდა და ფინალური მატჩის 113-ე წუთზე მარიო გეტცეს მიერ გატანილი ულამაზესი გოლი ფინალში ერთადერთი აღმოჩნდა.
როგორც წესი, ასეთი გრანდიოზული სპორტული შეჯიბრის დასრულების შემდეგ ადამიანური ემოციები უფრო საინტერესოა. იმ ეპიზოდების მიხედვით, რაც ეკრანებზე გაკრთა, ყველაზე ნათლად გასაგები იყო ლეონელ მესის ემოცია, უფრო სწორად ის, რაც იკითხებოდა მის სახეზე, როცა იტალიელმა არბიტრმა საფინალო სასტვენი მისცა - მან მესამე მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ვერცერთხელ ვერ გახდა ჩემპიონი.

ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მესის არც კი გაუღიმია მაშინ, როცა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა. ჯილდოს გადაცემის შემდეგ მესის პრიზი არც აღუმართავს, კიბეების ჩამოთავებისთანავე კი ის ნაკრების მენეჯერს გადასცა.
ამის შემდეგ მესი თანაგუნდელებს დაელოდა, რომლებმაც გერმანელთა მიერ სახელდახელოდ მოწყობილ კორიდორში გაიარეს - ჩემპიონთა ღირსეული ჟესტი მაყურებელთა მხრიდან აპლოდისმენტების მიზეზი გახდა.
რასაკვირველია, გერმანელი ფეხბურთელები ვერ მალავდნენ ემოციებს - გოლის ავტორი გეტცე პირდაპირ მოლზე წამოწვა, მასთან კი მისი მეგობარი გოგონა მივიდა, მის წელზე მოიკალათა და ყელზე ჩამოკიდებული ჩემპიონატის ოქროს თასი აჩვენა.

ოდნავ მოშორებით ცხარე ცრემლებით ტიროდნენ არგენტინელი დი მარია და გერმანელი კროოსი, ოღონდ პირველი სიმწრისგან, მეორე კი - სიხარულისგან...





ემოციებს ვერ მალავდა ანგელა მერკელი, ხოლო ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის გამოჩენას ტრიბუნებზე სტვენა და ღრიანცელი მოჰყვა. მათთვის, ვინც დამარცხებულები და გამარჯვებულები დააჯილდოვა, იყვნენ ბრაზილიის პრეზიდენტი, არგენტინის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, უეფას პრეზიდენტი, სხვა ცნობილი პირები...



„მარაკანას“ ისევ ძველებურად დასცქეროდა იესოს ქანდაკება, თუმცა, ფინალის შემდეგ მას ოდნავ განსხვავებული იერი ჰქონდა - თავდაპირველად გერმანიის დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი, ხოლო შემდეგ ბრაზილიის დროშა გამოისახა, ასე ვთქვათ, გერმანული ელემენტებით...



დასრულდა კიდევ ერთი ჩემპიონატი და გუნდებმა, რომლებიც უკვე მესამედ შეხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში, თავიანთი მისაღები მიიღეს. მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი პრიზი ბებერ კონტინენტში დაივანებს, ხოლო 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთი უმასპინძლებს, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ ფიფას ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა არ შეიწირა... სხვათა შორის, დღევანდელ ფინალში მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ანგელა მერკელის გასწვრივ (ზოგჯერ გვერდითაც) და იოზეფ ბლატერის გვერდით იჯდა და ისიც გერმანიის ნაკრებს გულშემატკივრობდა, თუმცა, ზოგიერთთა ეჭვის საპირისპიროდ, პუტინმა გერმანიის ნაკრები ვერ დათარსა...



რაც შეეხება არგენტინას, არგენტინელები... მაინც კარგად იბრძოდნენ... თუმცა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ გერმანიის ნაკრების ტრიუმფი სრულიად დამსახურებულია: ის პირველი ევროპული გუნდია, რომელიც ჩემპიონი გახდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატებში და, ბოლოს და ბოლოს, ფინალამდე მოუგო სამ მსოფლიო ჩემპიონს, არც ეგაა ადვილი...
ლაშა ბერულავა
მასალაში გამოყენებულია ფოტოები ფიფას ვებგვერდიდან, ასევე ჟურნალისტ მაკა თურქიას მიერ ტელერეპორტაჟის დროს ჩამოტვირთული და "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ფოტოები.