-
2015-05-15 09:06
"დნიპრო" - "ნაპოლის" მატჩის დასრულებისთანავე ათასობით გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა: ისინი საყვარელი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდნენ და უკრაინის ჰიმნს მღეროდნენ.
"დნიპროს" ფანების აგრესიული ნაწილი "ნაპოლის" ფანებს დაუპირისპირდა: იმ სექტორისკენ, სადაც იტალიელები ისხდნენ, მათ სტიუარდებისთვის განკუთვნილი სკამების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც პოლიციამ ნეაპოლელი გულშემატკივრები უფრო ზემოთა ტრიბუნებისკენ გადაიყვანა.
ფანების დამშვიდება "დნიპროს" ფეხბურთელებმა დენის ბოიკომ და არტემ ფედეცკიმ სცადეს. ამ უკანასკნელმა მიკროფონით მიმართა გულშემატკივრებს და სთხოვა, ტრიბუნებზე დაბრუნებულიყვნენ, რათა გუნდს საშუალება მისცემოდა, მოედანზე გამოსულიყო და მათთვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაეხადა.
ამ მიმართვის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
შეგახსენებთ, ევროპალიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში "დნიპრომ" "ნაპოლის" დამარცხება შესძლო (1:0, სელეზნიოვი, 58". პირველი მატჩი 1:1) და ორო მატჩის ჯამში ფინალში გავიდა. ეს "დნიპროს" არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ამ გუნდმა ევროპის სარბიელზე მსგავს წარმატებას მიაღწია.

