-
2015-05-11 22:07
სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ქართულენოვან მომხმარებლებში ისევ აქტუალურია მწყობრში მდგარ ჯარისკაცებთან თინა ხიდაშელის პირველი შეხვედრის დეტალები.
თინა ხიდაშელის ჯარისკაცებთან ამ ფორმით ურთიერთობას გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელმაც დაწერა, რომ ამ ფორმით ჯარისკაცებთან მისვლა მათი შეურაცხყოფაა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა ცნობილი ჟურნალისტი, სამხედრო თემაზე მომზადებული არაერთი სიუჟეტის ავტორი თენგიზ გოგოტიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ამ ფოტოებში მთავარი პრობლემა თინა ხიდაშელის მიერ მხრებზე მოგდებული "ბუშლატი" კი არა, ის გახლავთ, რომ ჯარისკაცებს იარაღებიდან მჭიდები მოახსნევინეს, ხოლო მინისტრსა და ჯარისკაცებს შორის მინისტრის დაცვის ოფიცერი დგას.
"ფეისბუქში" ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ გადიან ჯარისკაცებთან ევროპის სხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრი ქალები. "იპოვეთ განსხვავება თავდაცვის მინისტრებს შორის" - ასე დაასატაურეს ეს ფოტო ინტერნეტმომხმარებლებმა.
