
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ანტიკორუფციული კომიტეტის მუშაობის ფარგლებში დღეს პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი და კომიტეტის წევრები გურჯაანის მუნიციპალიტეტში მივიდნენ.
ანტიკორუფციული კომიტეტების მიზანია, გააკონტროლოს ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დღეს გამგებელს მოქალაქეთა მიღების დღე აქვს, თუმცა, კომიტეტის წევრების გამოჩენის შემდეგ ის ცოტა ხნით მოსასვენებელ ოთახში გავიდა:
„გურჯაანის გამგებელი მოსასვენებელ ოთახში დაგვემალა“, - წერს „ფეისბუქში“ ირმა ნადირაშვილი. როგორც ირკვევა, გამგებელი წინააღმდეგია, მოქალაქეთა მიღებას ანტიკორუფციული კომიტეტის წევრები დაესწრონ. ირმა ნადირაშვილი წერს, რომ სწორედ ამ მიზნით გამგებელმა კრიმინალური პოლიციის ჯგუფი გამოიძახა, რომლის წევრებიც მოქალაქეთა მიღებას ესწრებიან.