
კარიკატურული პოლიტიკური პროდუქტის "ბიძინას ბანქოს" გაყიდვა 12 მარტს, ხუთშაბათს, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი. ამის შესახებ "ბიძინას ბანქოს" "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსშია ნათქვამი.
"ბიძინას ბანქოს" შემქმნელები წერენ, რომ სავაჭრო წერტილები კვლავ უარს აცხადებენ პროდუქტის რეალიზაციაზე, ამიტომ მათ თავიანთი ძალებით თეატრალიზებული გაყიდვის მოწყობა გადაწყვიტეს. ინფორმაციის მიხედვით, "ბიძინას ბანქოს" რეალიზატორები მეტროს სადგურ "რუსთაველს", "მაკდონალდსა" და მეცნიერებათა აკედემიის მიმდებარე ტერიტორიაზე (სადაც სუვენირები იყიდება) 14:00-დან 19:00-მდე იმოძრავებენ.
"ბიძინას ბანქოს" რეალიზატორებს სპეციალური მაისურებითა და ნიღბებით შორიდანვე ამოიცნობთ", - ნათქვამია სტატუსში. "ბიძინას ბანქოს" ერთი დასტის საცალო ფასი 10 ლარია.
"ბიძინას ბანქო" მაღალი ხარისხის პლასტიკატზე დამზადებული პოლიტიკური სატირის შემცველი ბანქოს დასტაა. დასტაში ყველა სათამაშო ქაღალდის მასტია ჯოკრების ჩათვლით და თითოეულზე "ქართულ ოცნებასთან", პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები კომიკურ ფორმაში არიან გამოსახული.