
თბილისში, რუსთაველის 37-ში მდებარე მელიქ-აზარიანცის ქარვასლად წოდებულ შენობას (სახლი, რომელიც მელიქ აზარიანცმა ააშენა მას შემდეგ, რაც ახლომახლო მცხოვრებლებს ოქრო გადაუხადა და გაასახლა), ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სახანძრო რაზმები იყვნენ მობილიზებული. არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა შენობებზეც გადასულიყო, თუმცა, მეხანძრეებმა ცეცხლის კერის ლოკალიზება შეძლეს. ხანძარი მალევე ჩააქრეს, თუმცა, სახლის ნაწილი ხანძარმა ძლიერ დააზიანა - დამწვარია 300 კვ. მეტრი ფართობი. ხანძრის დროს შენობიდან ერთი ოჯახის წევრების ევაკუაცია მოხდა. დაზარალდა ხელოვნების სკოლა, რომელიც მესამე სართულზე მდებარეობდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, არაოფიციალურ მიზეზად კი ნაგვის ურნიდან ცეცხლის გავრცელება სახელდება. ეს მიზეზი საკმაოდ უცნაური და ალოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა.
შეგახსენებთ, მელიქ-აზარიანცის სახლში, პირველ სართულზე განთავსებულია არაერთი დაწესებულება და მაღაზია, მათ შორისაა ბრენდ "ბოსის" საქართველოს ფილიალის მაღაზია. შენობით დაინტერესება არაერთხელ გამოთქვეს მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზბეს-ჯგუფების წარმომადგენლებმა.
სოციალურ ქსელსა და ipress.ge-ზე გავრცელებული ფოტოები, ipress.ge-ს ვიდეო