-
2014-09-30 13:34
ორი დღის განმავლობაში წამყვანი მედიის წარმომადგენლები, მედიასფეროს ექსპერტები რუსეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან ქართველი კოლეგებისთვის ტრენინგებსა და მასტერკლასებს გამართავენ უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური კონტენტის შექმნაში.
მედიაფორუმი 14-16 ოქტომბერს ჩატარდება. გამოცხადდება ესეების კონკურსის პირობები, რომლის შედეგების მიხედვითაც სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა, 2014 წლის ბოლოს მიიღონ მონაწილეობა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონულ სკოლაში მოსკოვში.
საერთაშორისო სპეციალისტები ქართველ ექსპერტებთან ერთად, წარსდგებიან სადისკუსიო მოედნებსა და მრგვალ მაგიდებზე, რომლებიც მიეძღვნება რეგიონალური მედიის თანამედროვე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განვითარებას გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციების კონტექსტში, რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. ყურადღების ცენტრშია – ინფორმაციის ტრადიციულ საშუალებათა და „ახალი მედიის“ მუშაობის სპეციფიკა გლობალური და რეგიონული კრიზისების პირობებში.
მეოთხე რუსულ-ქართული მედიაფორუმის დასრულებისას მის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.
ვიწვევთ ქართული მედიის ახალგაზრდა წარმომადგენლებს (ასაკი 20–დან 35 წლამდე, მედიაში მუშაობის გამოცდილებით) 14-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სასტუმრო „Ambassador“–ის საკონფერენციო დარბაზსა და საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს ახალი ამბების“ პრესცენტრში. სამუშაო ენა – რუსული.
რედაქციისგან: რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг“ ცნობილია მრგვალი მაგიდებისა და მედიაფორუმების მოწყობით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ორგანიზაციას ალექსანდრე ვლასოვი ხელმძღვანელობს, რომელსაც რიგი გამოცემები რუსულ მედიაში ГРУ-ს ინფორმაციული რესურსის მთავარ პერსონად ასახელებენ. როგორც მისი პირადი მონაცემებიდან ჩანს, ვლასოვი განსაკუთრებით დაინტერესებულია კავკასიის რეგიონით და ამჟამად მისი და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების რესურსი სწორედ ამ მიმართულებით გამოიყენება.