
აფხაზეთის ოპოზიციამ დროებითი ორგანო - სახალხო ნდობის საბჭო შექმნა. საბჭოში 21 პირი შედის. საბჭოს შემადგენლობაში არიან რაულ ხაჯიმბა, დაურ არშბა, ვიტალი განბია, შამილ არძინბა, ბესლან ბუთბა და სხვები.
საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება ოპოზიციის მიტინგზე აფხაზეთის ე.წ. გმირმა შამილ არძინბამ გააკეთა. მომიტინგეთა წინაშე გამოსულმა რაულ ხაჯიმბამ მათ მოუწოდა, არანაირ ქმედებებს არ მიმართონ, სანამ არ იქნება მითითება ოპოზიციის ხელმძღვანელი პირებისგან.
„ჩემამდე მოვიდა ხმები, რომ დაგეგმილია თავდასხმები ცალკეულ დაწესებულებაზე. ამის დაშვება არ შეიძლება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ მიტინგზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დადგენილებით, დეპუტატთა უმრავლესობამ მოუწოდა ალექსანდრე ანქვაბს, საკუთარი ნებით, მშვიდობიანად გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.