-
2014-03-27 12:15
ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაგვალოუს პოლიგონზე რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების გამოყენებით ფართომასშტაბიანი სწავლება დაიწყეს. სწავლება საარტილერიო ცეცხლის მართვის დეტალების დახვეწას ითვალისწინებს.
სწავლებაში 400 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული, მათ შორისაა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“, თვითმავალი ჰაუბიცა „აკაცია“, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „შტურმი“, გადასატანი სარაკეტო კომპლექსი „იგლა“ და ნაღმტყორცნი „სანი“.
სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენს მოტომსროლელი შენაერთების მეთაურობისა და საარტილერიო ცეცხლის კოორდინატორების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება სანაპირო ზოლის შეუსწავლელ მონაკვეთზე, მანევრული თავდაცვის წარმოებისას.
სწავლების აღწერის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები ფარულად გადაადგილდებიან საცეცხლე პოზიციებზე, შემდეგ კი საარტილერიო ცეცხლით ანადგურებენ პირობითი მოწინააღმდეგის მიწისზედა და საზღვაო ობიექტებს.