-
2017-08-16 14:06
რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ახალი მავთულხლართები გაავლეს. ამის შესახებ ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით "რუსთავი-2" იუწყება.
ხურჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მანამდე ოკუპანტებმა ბოძები ჩაარჭვეს, დღეს კი მავთულხლართების გავლებით უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს.
საერთო ჯამში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი 2 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ადგილობრივები, რომლებიც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ ამ მიწებს და მათი კუთვნილება სადაო არ გამხდარა შეიარაღებული დაპირისპირების მიმდინარეობის დროსაც კი, იქ გადასვლას დღეიდან უკვე ვეღარ შეძლებენ.
ხურჩა მდინარე ენგურს გაღმა მდებარე სოფელია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. ასეთი სოფელი სულ რამდენიმეა, დანარჩენ შემთხვევებში მდინარე ენგური ბუნებრივი საზღვრად გვევლინება გალისა და ზუგდიდის რაიონებს შორის.
აფხაზურ მხარეს ხურჩაზე პრეტენზია საომარი მოქმედებების დროსაც ჰქონდა, თუმცა, იქ რამდენიმე ქართული ბლოკ-პოსტი არსებობდა და აფხაზური შეიარაღებული ჯგუფებისგან მოსახლეობას იცავდა. ამჟამად ეს ბლოკ-პოსტები მოხსნილია.
შეგახსენებთ, ხურჩაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის მაისში გიგა ოთხოზორია მოკლეს. აფხაზი ბოევიკები ე.წ. საზღვარზე დაუბრკოლებლად გადმოვიდნენ და დაჭრილ გიგა ოთხოზორიას რამდენიმე ტყვია ესროლეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რაშიდ კანჯი ოღლიმ და მისმა თანმხლებმა პირმა მკვლელობის შემდეგ ასევე დაუბრკოლებლად გადაიარეს პატარა ხიდი და რუსულ-აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას დაუბრუნდნენ. კანჯი ოღლის მიმართ აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძღა, მაგრამ "მტკიცებულებათა არარსებობის გამო" მალევე შეწყვიტა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მომენტი სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.