
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალთან ყველაზე ახლოს მდგარი, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გასწვრივ რუსმა ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის კიდევ ერთი მონაკვეთი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფარგლებში მოაქციეს.
ხნულს მიღმა აღმოჩნდა ყარაფილას საძოვრის ნაწილი და ის ტერიტორია, სადაც ერთი კვირის წინ, 14 ივლისს, ბერშუეთში ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარების დღეს, აშშ-ის ელჩი იან კელი ანალიტიკური სამსახურის უფროსისგან მცოცავი ანექსიის ანალიზს ისმენდა და განაცხადა, რომ ამ ბანერის არსებობა სიმბოლურია, რადგან ქვეყნის მთავარ მაგისტრალთან ახლოსაა.
დღეისათვის ხნულია გავლებული ოკუპირებულ სოფელ ორჭოსნიდან სამხრეთის მიმართულებით, სოფელ ყარაფილასთან და მდინარე თორთლას გასწვრივ.
ხნულის გავლების შესახებ პირველებმა ყარაფილელმა გლეხებმა შეიტყვეს და პოლიციას აცნობეს, ხოლო შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროში, ასევე საგარეო უწყებაში, ამ დრომდე არ იციან, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის კონკრეტულად რამდენი მეტრი მოჰყვა საოკუპაციო ზოლს მიღმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პროვოკაციაა და ცხელი ხაზის მეშვეობით გეგმავენ მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების დაუწყებას.