
"აფხაზთა კრება" ქართულ მედიასაშუალებებში ბოლო დროს მომრავლებულ პუბლიკაციებს ეხმიანება, სადაც, ორგანიზაციის აზრით, ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში არასწორი აქცენტებია გაკეთებული.
"ბოლო დროს ქართული მედიაში ძალზე გახშირდა აფხაზეთზე ზღაპრების ტირაჟირება, - იქ სტაბილურობაა, აფსუები ქართველებს ლამის ეფერებიან, ქალაქები ლამაზდება, ეკონომიურად ხალხს თითქმის არ უჭირს, აქეთაც ჩამოდიან... ერიჰა, შერიგებისკენ მივდივართ, ყინული დნება, იქ რაღაც ახალი იწყება და ა. შ.
რაში სჭირდებათ ეს? ავტორები უცებ გაკეთილშობილებული აფსუების შესახებ მითის შემოთავაზებით მიანიშნებენ იმაზე, რომ საკმარისია ჩვენ მათთან დავალაგოთ ურთიერთობა და პრობლემა გადაიჭრება (აქ გავიხსენოთ პუტინის მოწოდება - სოხუმმა და თბილისმა ერთმანეთთან უნდა გაარკვიონ უთანხმოებაო, ანუ ჩვენ აფსუებთან გვაქვს ომი და არა რუსეთთან. ის უბრალოა, შუამავალია, დაჩაგრულის დამცველია, მას ქართველები უყვარს).
ამგვარ მასალებში, თითო-ოროლა ტრივიალური ფაქტის ჩასმით, ავტორები მზაკვრულ დეზინფორმაციას ფუთავევენ. ცხადია, დღეს არცერთი აფსუა არ იტყვის უარს "დამოუკიდებლობაზე", მაგრამ პრობლემის კვლავ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში გადატანა (რომელიც 2008 წ. ომმა დაამსხვრია) ფუნდამენტური საკითხია და რუსეთისთვის სასურველი ფორმატი.
აქედანაა კრემლის დაჟინება "თავდაუსხმებლობის შესახებ" ხელშეკრულების პირდაპირ აფსუებთან გაფორმებაზე; ამიტომ სურთ კარასინ-აბაშიძის პრაღაში ლაყბობით ჟენევის ფორმატის ნიველირება; ამიტომაც ითხოვს მოსკოვი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმებას ან მისი არსის გამოშიგვნას. ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი.
ჰიპოტეტურად რომ დავუშვათ აფსუათა თანხმობა ჩვენს იქ დაბრუნებაზე, განა რუსი ამას დაუშვებს? ვინ ეკითხება რამეს სოხუმში ხაჯარატს?! მათ რუსული ფული თუ მოაკლდათ, მაშინ წამოიკნავლებენ მხოლოდ და მორჩა. მიგვაჩნია, რომ ქართული საზოგადოება წამგებიან ილუზიებში არ უნდა ჩავარდეს და მსგავს სატყუარას არ უნდა დახარბდეს.
აფსუები და ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ კეთილი ურთიერთობების აღდგენას, როცა, ხატოვნად რომ ვთქვათ, რუსის ჩექმის სიმყრალე განიავდება სოხუმიდან და ცხინვალიდან!"
"აფხაზთა კრება"