
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მომხდარის შესახებ განცხადება გააკეთა.
სხდომაზე მან გადაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა და განაცხადა, რომ ოპოზიციის წევრებს შეუძლიათ შეინახონ სამახსოვროდ, რადგან მსგავსი შემთხვევა მეორედ აღარ მოხდება.
„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. ესენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მე მინდა სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო მათ ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც გამოხატავს მათ მიდგომას, მათ ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ. ეს ალბათ, მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მოქალაქეთა უფლებებს და სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ“ - განაცხადა თალაკვაძემ
მის ამ განცხადებას ბიუროს სხდომაზე დამსწრე დეპუტატებისგან ოვაციები მოჰყვა