-
2019-11-15 17:28
ეკა ბესელია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ძალიან მძიმედ აფასებს. მისი თქმით ხელისუფლება მოსახლეობას დანაპირებს არ უსრულებს.
“ამით საკუთარ ხალხს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას განაწყობ შენ წინააღმდეგ, რომელმაც ტაში დაგვიკრა ამ დაპირების გამო, ყველა განაწყენდა. როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, უარყოფითად გაფასებს და აკრიტიკებს ქვეყანას, ამით ქვეყანასაც აყენებ ზიანს და საკუთარ თავს ხომ ხარაკირი გაუკეთა და გაუკეთა, “ქართულ ოცნებას” ეხება ეს. პირადად ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე ამხელა ტვირთი რომ აიღო, ამას რით გაანეიტრალებს უკვე მე ვერ წარმომიდგენია”- განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია მხარს უჭერდა საქართველოში 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, თუმცა კანონპროექტმა პირველივე მოსმენაზე საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა.
მიუხედავად ამისა, დეპუტატი ამტკიცებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის სესიაზე გატანა ისევ შესაძლებელია.
ბესელიას თქმით, იმ შემთხევაში თუ კანონპროექტს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს მხარს, მისი მეორე მოსმენაზე გატანა შესაძლებელია.
„ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს პოლიტიკური დიალოგის და სამართლებრივი გზის საშუალებით. ეს გზა არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას უნდა განუმარტოს, რომ კონსტიტუციური კანონპროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მეორე მოსმენით ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდეს სესიაზე. ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელსაც არავითარი წინაპირობა არ აქვს.“ - განაცხადა ეკა ბესელიამ