საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას განსახილველად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, წარდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის აღსრულების უზრუნველყოფას ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის გზით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა დაცვას. ცვლილებების მიზანია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნა.