
რამდენიმე დღის წინ, გადაუღებელი წვიმით გამოწვეულმა ღვარცოფმა ვანის რაიონის სოფელ გორაში სამი ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა.
ტრაგედია საღამოს 6 საათზე დატრიალდა.
ელგუჯა ვაშაყმაძე, მისი მეუღლე, ნანა და სამი მეზობელი - თეა გაბუნია, ქეთინო მარგველაშვილი და მერი გაბუნია „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანით შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც ხიდი ჩაინგრა და ავტომანქანა წყალში გადავარდა.
მეზობლები შორიდან უყურებდნენ, აბობოქრებული მდინარის ტალღებში როგორ იძირებოდა ავტომანქანა, საიდანაც პერიოდულად ქალების კივილი ისმოდა.
სამაშველო სამსახური მალე მივიდა შემთხვევის ადგილზე. მთელი სოფელი ქუჩაში გამოვიდა და სამაშველო სამსახურის ბიჭებთან ერთად დაკარგულებს მთელი ღამე ეძებდნენ.
ხალხის თავგანწირვამ ორი ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს. მანქანის მძღოლი, ელგუჯა ვაშაყმაძე და მისი მეზობელი, მცირეწლოვანი შვილების დედა, თეა გაბუნია მალევე იპოვეს.
ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე დღეს იპოვეს ელგუჯას მეუღლე, ნანა ვაშაყმაძე, რომელიც გარდაცვლილი აღმოჩნდა. კიდევ ორი დაკარგული ქალის პოვნა მეორე დღეს შეძლეს.
„ძალიან მძიმეა ელგუჯა ვაშაყმაძის მონათხრობი. ის ამბობს, ჯერ კაპოტს მოვეჭიდეთ, მაგრამ დინებამ გაგვიტაცა, მესმოდა ნანას ხმა - ელგუჯა მიშველე, ვიხრჩობი, დამეხმარე, გადამარჩინეო. ის საპირისპირო მხარეს იყო, წავედი მისკენ, ვცდილობდი, რამენაირად ამომეყვანა, ამ დროს მორი მომხვდა საფეთქელთან, გავითიშე და მერე არაფერი მახსოვსო.
ელგუჯა დინებამ კლდის მხარეს წაათრია, მერე ისევ მოვიდა გონზე და ხის ტოტზე იყო ჩაბღაუჭებული, როცა ის იხსნეს. სულ დაფხოჭნილია ელგუჯა, ნაფოტებისგან ალბათ, დაზიანებები აქვს, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი, მაგრამ კაცი შოკშია.
თითქმის მთელი ღამე მთელი სოფელი ფარნით ხელში ვეძებდით ქეთინო მარგველაშვილს და მერი გაბუნიას, ისინი სამაშველო სამსახურის დახმარებით მეორე დილით ვნახეთ. ქალების ცხედრები ერთმანეთის მოშორებით იყო.
დაახლოებით, ერთ კილომეტრში. ერთი გარდაცვლილი ქალბატონის მხოლოდ ხელები ჩანდა, სხეული სილაში იყო ჩაფლული. ენით აღუწერელი საშინელება იყო. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ეს მდინარე ასე ადიდებული არასოდეს ყოფილა,“ - ჰყვება სოფელ გორას რწმუნებული, იოსებ ჩიტორელიძე.
kvirispalitra.ge