
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გამოქვეყნებული მასალა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშის შესახებ ორიგინალის შინაარსისგან განსხვავებულია, რადგან ზოგან გამოტოვებულია მნიშვნელოვანი ფრაზები, ზოგან კი მოცემულია ინტერპრეტაცია, რომელიც ანგარიშში არ გვხვდება.
"ინტერპრესნიუსის" მასალაში აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ მასალა "ტაბულამ" გამოაქვეყნა. სააგენტოს მასალის მიხედვით, დოკუმენტში „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფატების გამოძიების საკითხს, როგორიცაა სამოქალაქო პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება, უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ქონების ჩამორთმევის შემთხვევები“, ხოლო სათაურში მითითებულია, რომ „ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში მათი ბრალი შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კვალიფიცირდეს“.
სინამდვილეში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ 24 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების, რაც შეიძლება სამხედრო ან კაცობრიობის წინააღდეგ დანაშაულად კვალიფიცირდეს, გამოძიების არასაკმარისი პროგრესის გამო.
სააგენტოს მოჰყავს ამონარიდი ანგარიშიდან იმის თაობაზე, რომ „წევრმა სახელწმიფომ უნდა უზრუნველყოს იძულებითი გაუჩინარების, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენების, უკანონო დაკავებების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქონების დაზიანებისა და ჩამორთმევის ფაქტები დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული, რათა სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში დამნაშავეები, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი პირები, პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დაისაჯონ, დაზარალებულებს კი სათანადო დახმარება გაეწიოთ, მათ შორის, კომპენსაციის ჩათვლით“.
თუმცა, "ინტერპრესნიუსი" არ უთითებს იმას, რომ ანგარიშის ეს ნაწილი მხოლოდ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება და დოკუმენტის ამ ფორმულირებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ უკვე აღძრულ საქმეებს უკავშირებს, რაც ანგარიშის შინაარსს არ შეესაბამება.
ასევე დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ, როგორც სააგენტოს აღნიშნავს, „გამოძიება უფრო მძიმე მუხლებით უნდა წარიმართოს, ვიდრე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა, რადგან ჩადენილი დანაშაულებები შესაძლოა კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“.
გარდა ამისა, გაეროს კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია 2012 წლის არჩევნებამდე დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურაში შესული ათასობით საჩივრის გამო, იქნება ეს არასამართლიანი სასამართლო, წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები თუ ქონების უკანონო ჩამორთმევა, მაგრამ ამავდროულად ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში პოლიტიკური ანგარიშსწორების საშიშროებას ხედავს.
„კომიტეტი აღიარებს მართლწესრიგის დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის, ადმიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა და კორუფციაში მხილებულთა დაუსჯელობის თავიდან აცილების აუცილებლობას, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ ბრალდებების რიცხვმა ყოფილი მაღალჩინოსნების და მოქმედი ოპოზიციონერების წინააღმდეგ შესაძლოა სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების აღქმა შექმნას“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში კომიტეტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს და მთელ რიგ სხვა საკანონმდებლო აქტებს. თუმცა, შეშფოთებას გამოთქვამს იმით, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონის დამრღვევთა პასუხისმგებლობის სათანადო მექანიზმი გათვალისწინებული არ არის.
"ტაბულას" მიხედვით