
ბათუმის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ივლისში ზღვამ მკვდარი დელფინი უკვე მეოთხედ გამორიყა.
„სამი შემთხვევა ბათუმის სანაპიროზე მოხდა. ახლა კი ქობულეთის სანაპიროზე წყალმა რამდენიმე დღის გარდაცვლილი დელფინი გამორიყა.
ახლა დელფინებისთვის განსაკუთრებული პერიოდია. ისინი ჯგუფ-ჯგუფად დაცურავენ შავი ზღვის სიღრმეში. ასაკოვანი დელფინები უფრო ნაპირებისკენ ცურავენ და იღუპებიან“, – აცხადებს მამუკა თურმანიძე.
მისივე თქმით, ამჟამად საქართველოში არ არსებობს სამსახური, რომელიც ზღვის მკვდარი ცხოველების დამარხვას ითვალისწინებს. „ეს უნდა გააკეთოს დასუფთავების სამსახურმა, მაგრამ რატომღაც ასეთი შემთხვევები სამაშველო სამსახურს მიეწერა.
იქნებ ამ დროს ზღვაში ადამიანი იხრჩობა, ან ცოცხალ ადამიანს ვჭირდებით. იქნებ ამ საკითხზე ვიღაცამ იზრუნოს“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, სულხან ოქროპირიძე მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა: „შესაბამისი სამსახურები მკვდარ დელფინს მიხედავენ“.
საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეფონი გათიშა და არც უცდია დაეკონკრეტებინა, რომელი სამსახური მიხედავს, ან ვის ევალება შავი ზღვის მკვდარი ცხოველებისგან გაწმენდა.
http://kvira.ge/?p=72372