
,,ჯოენის" კლინიკაში მსოფლიო რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა. მოგზაურის მეგობრის ჰენრი კუპრაშვილის განცხადებით, მიზეზი გულთან დაკავშიორებული პრობლემა გახდა.
შეგახსენებთ, რომ ჯუმბერ ლეჟავა დაიბადა თბილისში. 1987 წელს მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ ვარჯიშების საკუთარი სისტემა შეიმუშავა.
1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).
1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას;
გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.
დაჯილოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის" სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან - „მსოფლიო სპორტსმენის" დიპლომი (1999).