
რამდენიმე დღის წინ 16 წლის გოგლიკო ბარბაქაძე დაკრძალეს. საქართველოს ორგზის ჩემპიონმა კარატეში საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.
სიკვდილის წინ გოგლიკომ თავის მწვრთნელს, თემო კვირაიას მესიჯი მისწერა: „ძალიან ცუდი რაღაც გავიფიქრე და უნდა შევასრულო. ჩემთან რომ მოხვალ, ყველაფერი უკვე გვიან იქნება. ხალხს უთხარით, არ დამივიწყონ".
„ის იყო დაძინებას ვაპირებდი, მესიჯი რომ მივიღე. კინაღამ გავგიჟდი. დედაჩემს ვუთხარი, წამყევი, რაღაც უბედურება ხდება-მეთქი; კიდევ ერთ ბავშვს, გოგლიკოს მეგობარს დავურეკე და გიჟივით გავვარდი… 22 წელია ტაეკვანდოში ვარ. გოგლიკო 10 წლის იყო, რომ მომიყვანეს და მას შემდეგ გვერდიდან არ მომცილებია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რაიმე ცუდი შეიძლებოდა შემთხვევოდა. ვიზუალურადაც ძალიან კარგი შესახედაობის იყო და ფიზიკურადაც ძლიერი.
თავის თავში ისეთი დარწმუნებული იყო, ორჯერ რომ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ამბობდა, - აი, ნახავ, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდებიო. ამ დღეებში ქობულეთში უნდა წავსულიყავით 10-დღიან ვარჯიშებზე და ადგილს ვერ პოულობდა, როდის წავალთო! მართალია, დედა არ ჰყავდა, - სამი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, გოგლიკო და კიდევ მისი პატრა ორი ძმა ობლები დარჩნენ, მაგრამ ბავშვებს ოჯახში არაფერს აკლებდნენ.
ბებია-ბაბუა, ბიძა, ბიცოლა და მამა ყველაფერს უკეთებდნენ, მამამისმა მეორე ცოლიც კი არ მოიყვანა, შვილები დამეჩაგრებიანო… არ ვიცი, რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ასეთი რამ გააკეთა, შოკირებული ვარ…
შეყვარებულს დაშორდა, მაგრამ ის ამისთვის თავს არ მოიკლავდა… მესიჯის წაკითხვისთანავე გამოვვარდი, გზასი გოგლიკოსთან ყველანი სახლში იყვნენ, კარი ბაბუამისმა გამიღო, - გოგლიკოს მეორე სართულზე ძინავსო, ვთხოვე, - რაღაც საქმე მაქვს, გააღვიძეთ-მეთქი. ბაბუამისი გოგლიკოს ოთახში შევიდა და იღრიალა.
რომ ავვარდით, ისეთი სურათი დამხვდა, ჩემს ცხოვრებაში თვალებიდან არ ამომივა, - გოგლიკოს მავთულით ჰქონდა თავი ჩამომხრჩვალი, თანაც ეს მავთული იმდენჯერ იყო გაკვანძული, ვერაფრით ხსნიდნენ. მიცვალებულთან პირველად ვიყავი, მაგრამ გამწარებულმა ყველაფერი დავივიწყე და დასისხლიანებული თითებით ვხსნიდი, ვერაფრით გავხსენი, მერე ბაბუამისმა თქვა, ამ მავთულით ვაზი გვაქვს ტალავერზე, ეტყობა, იქ მოჭრა და ოთახში შეიტანაო…
გოგლიკოს მამა გიჟს ჰგავს… მეც შვილი მყავს და აღარ ვიცი, რით უნდა დავიცვა ის, გოგლიკოს არც სპორტით დატვირთვა აკლდა, არც ოჯახის ყურდღება და არც მეგობრების სიყვარული…“ - ამბობს თემო კვირაია.
http://www.kvirispalitra.ge/public/22375-qsheyvarebulis-gamo-thavs-ar-moiklavdaq-16-tslis-saqarthvelos-chempionma-thavi-chamoikhrcho.html