
"სადაც გინდათ, ოღონდ იქ, სადაც არ იქნებიან რუსები!", - ევროპელები, რომლებიც შვებულებას სხვადასხვა ქალაქებში, სანაპიროებზე ატარებენ, ბოლო დროს ამ მოთხოვნას სულ უფრო ხშირად უყენებენ ტურ-ოპერატორებს. საოცარია, მაგრამ სიუჟეტი თემაზე, რამდენად მიუღებელია ევროპელებისთვის რუსებთან ერთად დასვენება, "ნტვ"-მ მოამზადა.
თურქეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ეგვიპტე - ამ ქვეყნებში წასვლის მსურველი ტურისტები, პირველ რიგში, იმას კითხულობენ, არიან თუ არა იქ მრავლად რუსები, ხოლო დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ცდილობენ, მარშრუტი შეცვალონ.
"რუსები მოდიან და ამბობენ: "ორი ლუდი მოიტა", მაშინ, როცა სხვები ამბობენ: "თუ შეიძლება, ორი ლუდი" - რუსები ისე იქცევიან, თითქოს მათთან ვალში ვართ", - ამბობს უცხოელი ტურისტი, მეორე კი ამატებს, რომ რუსები დილიდან სმას იწყებენ.
"იმ ნომრებს, სადაც რუსები ცხოვრობენ, სამჯერ უფრო დიდხანს ვალაგებ, ყოველთვის უფრო მეტი სიბინძურეა, ბოთლები ყრია", - ამბობს ოტელის დამლაგებელი ქალი.
ევროპაში ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მატულობს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც თავიანთ სანაპიროებზე რუსების მიღებაზე და მათ მომსახურებაზე უარს ამბობენ.