
ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ზე ადასტურებენ, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან ეთერში საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქშოუ გავა, რომლის ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილია.
"ჯი-დი-ეს"-ში დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა "ალიასთვის" რამდენიმე დეტალი მაინც გახდა ცნობილი. ბიძინა ივანიშვილი გადაცემას ეკა ბერიძესთან ერთად წაიყვანს, რომელიც ამჟამად კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომუნიკაციების დირექტორია.
ტოქშოუს "მოქალაქე" ერქმევა და ის კვირაში ორჯერ, საღამოს ეთერში გავა. ტოქშოუში მოიწვევენ ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებენ. გადაცემაში მუდმივად იქნება ორი სტუმარი (იმ მომენტისთვის აქტუალური საკითხების მიხედვით შეირჩევა ექსპერტები) და ასევე პოლიტიკური წრეებიდან სტუმრები.
ეკა ბერიძე "ალიასთან" არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ივანიშვილთან ერთად წაიყვანს ტოქშოუს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში გავაგრძელო სატელევიზიო კარიერა, თუმცა ეს თუ იქნება, იქნება ისე, რომ ამჟამინდელ სამსახურზე უარს არ ვიტყვი. რაც შეეხება იმ გადაცემას, რომელმაც ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, მე იმას ვერაფერს დავამატებ, რაც არის ნათქვამი "ჯი-დი-ეს"-ის განცხადებაში. ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა ეს და თავს შევიკავებ კომენტარისგან".
არხის მთავარი პროდიუსერი თემურ გოგოლაძე "ალიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ნამდვილად იგეგმება ტელეკომპანიის ეთერში საინფორმაციო პროგრამების გაშვება და არხის ლიცენზიის მოდიფიცირება: „... რაც შეეხება საინფორმაციო და პოლიტიკური ტოქშოუების ჟურნალისტებს, ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაგვიწყია.
შიდა მოძიებები, ბუნებრივია, დავიწყეთ და ჯერ ნაცნობობით ვარკვევთ, ვინ შეიძლება იყოს არხზე პოლიტიკური გადაცემების წამყვანი. ჯერ მხოლოდ შიდა მოძიება დავიწყეთ, ოფიციალურად ნამდვილად არავისთან გვიწარმოებია მოლაპარაკება", - აცხადებს გოგოლაძე.
„ალია“