-
2014-07-03 03:27
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელმა, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა "მაესტროს" "ცხრიანში" ბაჩო ახალაიას საქმის არცოდნაში ამხილა ზაქარია ქუცნაშვილი და ურჩია მას, სანამ კომენტარს გააკეთებს, საქმეს კარგად გაეცნოს.
ანი ნადარეიშვილის განცხადებით, წელიწადისა და ცხრა თვის განმავლობაში, რუსული დაკვეთით ტყვეობაშია ბაჩო ახალაია, რომელსაც დანაშაულს ვერ უმტკიცებენ და ერთადერთი, რაშიც სასამართლომ "კანონიერი ქურდების დაკვეთით" განაჩენი გამოუტანა, ციხეში ე.წ. ქურდებისთვის არაადამიანური პირობების შექმნა იყო.
ანი ნადარეიშვილის ფორმულირებამ გააღიზიანა ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც შეკითხვა დაუბრუნა ნადარეიშვილს: "ე.ი., საქართველოს მოსამართლეები "კანონიერი ქურდები" არიან?; რაზეც ანი ნადარეიშვილმა უპასუხა: "ეს იყო "კანონიერი ქურდების" დაკვეთილი განაჩენი".
ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაიას გარდა, რუსეთის პირდაპირი დაკვეთით, მიმდინარეობს იმ ქართველების შევიწროება, რომლებიც საქართველოს დასაცავად იბრძოდნენ: "მათგან ზოგი ციხეშია და ზოგი საპყრობილეში, ზოგი კი საფლავში. ამჯერად შალვა თათუხაშვილს ვგულისხმობ, რომლის განეიტრალება პირდაპირი რუსული დაკვეთა იყო, ხოლო კობა თოდუას განეიტრალებისა და დასჯის საკითხი პირდაპირ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე დაისვა", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.