
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, 70 წლის მამაკაცს, რომელიც მცირეწლოვან შვილიშვილს ასეირნებდა, აქლემი დაესხა თავს და დაზიანებაც მიაყენა, როცა მამაკაცმა მისი მოგერიება სცადა. - ინფორმაციას „ნიუსპრესი“ ავრცელებს.
გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაციით, გაღიზიანებული ცხოველის შეჩერება მხოლოდ მისმა მეურვემ, შვეიცარიის მოქალაქემ შეძლო, რომელმაც ადგილზე მისულ პოლიციელებს ცხოველის პასპორტი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია წარმოუდგინა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სამედიცინო ბრიგადის მისვლის დროს მამაკაცი, რომელიც აქლემის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარი ფაქტი დაადასტურეს შს სამინისტროს პრესსამსახურში და განაცხადეს, რომ ცხოველის მეურვე, შვეიცარიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში აქლემთან ერთად გადმოსახლდა, 1.300 ლარით დაჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, თუმცა, როგორც „ნიუსპრესი“ წერს, დაზარალებული აპირებს სასამართლოს მიმართოს და ცხოველის მეურვისგან მორალური ზიანის კომპენსაციაც მოითხოვოს.
როგორც ირკვევა, აგრესიული აქლემი თბილისში, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ბინადრობს და მეურვეს საბალახოდაც იქვე დაჰყავს.
თანდართული ფოტო მიბმულია თემატური კავშირის პრინციპით