
„ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, სადაც ტრანსგენდერი გიორგი ჩხარტიშვილი მიანიშნებდა, რომ 17 მაისს ლგბტ პირების მიერ აქციის ჩატარებით „დიდი ძალაუფლებისა და ფულის“ მქონე პირები იყვნენ დაინტერესებული, გაზეთის მთავარ რედაქტორსა და ინტერვიუში მოხსენიებულ შოთა აფხაიძეს შორის ახალი დაპირისპირება დაიწყო.
შოთა აფხაიძემ, რომელმაც ტვ „კავკასიის“ სტუდიაში შევარდნითა და დებოშის ატეხვით გახდა ცნობილი, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არცევნების დასრულების შემდეგ პოლიტდევნილის სტატუსით გათავისუფლდა პატიმრობიდან, „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე „ევრაზიის ინსტიტუტის“ დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის თამარ ჩერგოლეიშვილის დავალებებს ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერმა გიორგი ჩხარტიშვილმა ელისო კილაძესთან ინტერვიუში შოთა აფხაიძე დაასახელა იმ პირებს შორის, რომლებიც 17 მაისის აქციის ჩატარებით იყვნენ დაინტერესებული.
ელისო კილაძემ შოთა აფხაიძეს „ფეისბუქით“ უპასუხა:
„მოკლედ,ჩემი პოზიცია შოთა აფხაიძის დღევანდელ ნაბოდვარზე.
ორი დღის განმავლობაში ის ცდილობდა ჩემთან კონტაქტზე გამოსვლას,მათ შორის დაურეკა "ქრონიკა +"-ის ჟურნალისტს და თხოვა ინტერვიუს ჩაწერა,შემომითვალა რომ აპირებს უჩივლოს გიორგი ჩხარტიშვილს და არა გაზეთს.შოთა აფხაიძემ ჩემგან მიიღო კატეგორიული უარი.რუსული სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტების არც ინტერვიუ და არც კომენტარი ჩემს გამოცემაში არასოდეს დაიბეჭდება.
შოთა აფხაიძემ ჯერ არ იცის რომ "ქრონიკა +"-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო გამოძიება უკვე დაიწყო,ჩვენ გამოძიებას გადავეცით მიმოწერის ასლები,მათ შორის,მიმოწერა ასტანიდან,სადაც უნდა გაეყვანათ გეი აღლუმის ორგანიზატორი გიორგი ჩხარტიშვილი და იმ პირის ტელეფონის ნომერი,ვინც მას ასტანაში უნდა დახვედროდა.
ჩვენ ვიცით,იმ პიროვნების ვინაობა,რომელმაც გიორგი ჩხარტიშვილს ცირკთან მიაკითხა,არა მარტო ვიცით,არამედ გადაღებული გვაქვს შავი ჯიპი.გამომდინარე აქედან,რუსული სპეცსამსახურების და მისი აგენტის აგრესია სავსებით გასაგებია.მათ 17 მაისს საქართველოში დაგეგმილი არეულობა ჩაეშალათ.თუ შოთა აფხაიძეს ხელთ აქვს რაიმე მტკიცებულება,რომელიც ჩემი და თამარ ჩერგოლეიშვილის კავშირს დაადასტურებს,მოვუწოდებ მას დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს.
ჩემის მხრივ,ყურადღებით დავაკვირდები გამოძიების მსვლელობას,თუ ამ საქმეზე ლოგიკური შედეგი არ დადგა ანუ არ იქნა განეიტრალებული რუსული სპეცსამსახურების ქსელი,უფლებას ვიტოვებ შოთა აფხაიძის მფარველად დავასახელო ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,რადგან შოთა აფხაიძე მისი თანაკურსელია“, - წერს ჟურნალისტი.