
ტრანსგენდერი გიორგი ჩხარტიშვილი, იგივე „მაცაცო“, რომელიც „გურიანიუსთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 17 მაისს თბილისში აქციის ჩატარებას არ გეგმავს და ქალაქიდან გადის, არ გამორიცხავს, რომ მცირე შეკრება ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ბორჯომში გამართოს.
„ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ 17 მაისს დაგეგმილი აქციის ცატარება გადაიფიქრა, ხოლო „გურიანიუსს“ უთხრა, რომ საგანგებოდ გადის თბილისაიდან, რათა პროვოკაციას თავი აარიდოს:
"არ ვაპირებ აქციის ჩატარებას, რადგან ბორჯომში მივდივარ გადაღებებზე. შეგნებულად დავთანხმდი მოკლემეტრაჟიანი კინოს გადაღებას ბორჯომში რომ ქ. თბილისიდან გავიდე“, - ამბობს ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, აპირებენ თუ არა სხვა ჯგუფები რაიმე სახის შეკრებას და დასძენს, რომ შესაძლოა ბორჯომში, ადგილობრივ გამგეობასთან შეიკრიბონ.
"შეიძლება იქ ჩავატარო პატარა გამოსვლა ადგილობრივ გამგეობასთან, თუმცა ეს ჯერ არ არის დაზუსტებული.", - აცხადებს გიორგი ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, აქცია/შეკრების ორგანიზებას არ აპირებენ ორგანიზაციები „იდენტობა“ და „ლგბტ საქართველო“.
"სიტუაციის განსაკუთრებული სიმწვავის გამო, გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ 17 მაისს "იდენტობა" არ გეგმავს არც საჯარო და არც დახურულ ღონისძიებას. ამის მიუხედავად, ვრცელდება სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია "იდენტობას" დაგეგმილი აქტივობების შესახებ. გთხოვთ, ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც "იდენტობას" სახელით აანონსებენ რაიმე ტიპის შეკრებას, მსვლელობას ან აქციას", - ნათქვამია „იდენტობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.