-
2014-05-16 13:26
„აფხაზეთის ხმისთვის“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტფინანსის“ დაყაჩაღების ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც გაირკვა, თავდამსხმელი ოფისში მარტო შევიდა და იქ მყოფ ორ ოპერატორსა და თანამშრომლებს ხელყუმბარის გახსნით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი სალაროში განთავსებულ თანხას ჩანთაში არ ჩაალაგებდნენ.
ორგანიზაციის თანამშრომლებმა თავდამსხმელის მოთხოვნა შეასრულეს და, წინასწარი ინფორმაციით, მას დაახლოებით 10 ათასი ლარი, ასევე რამდენიმე ათასი ევრო და დოლარი გაატანეს.
„აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ამის შემდეგ თავდამსხმელმა ორგანიზაციის ოფისი დატოვა, ქუჩაში გამოვიდა, ყვითელი, სარეისო მიკროავტობუსი გააჩერა და თავდასხმის ადგილი დატოვა. სავარაუდოდ, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ თავდამსხმელი "სმარტფინანსთანაც" სამარშრუტო ტაქსით მივიდა, კინოთეტრ "საქართველოსთან" ჩამოვიდა და გურამიშვილის გამზირი გადაკვეთა, ძარცვის შემდეგ კი გამზირი ისევ გადაკვეთა და სამარშრუტო მიკროავტობუსი კიკვიძის ბაღის კუთხეში გააჩერა.
მომხდარი ფაქტი „აფხაზეთის ხმას“ შსს-მ დაუდასტურა. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღური თავდასხმის მუხლითაა აღძრული.