-
2016-02-08 06:48
ბი-ბი-სის მეორე არხმა 3 თებერვალს აჩვენა ფილმი, სადაც გათამაშებული იყო რუსეთთან ბირთვული ომის ჰიპოთეტური ვერსია. ჯერ კიდევ პრემიერამდე ასეთი ფილმის გამოჩენას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც რუსეთში, ასევე ლატვიაში.
ზოგიერთმა რუსულმა არხმა ამ ფილმის ანალიზის დროს „იმედის“ მიერ ნაჩვენები ე.წ. „მოდელირებული ქრონიკაც“ გაიხსენა. ბი-ბი-სის ვერსიის მიხედვით, რუსეთი ლატვიაში შეიჭრება მას შემდეგ, რაც იქ „რუსულენოვანი სამყარო“ სამოქალაქო ომს გააჩაღებს. რუსეთის მიზანი განმარტებულია ტრადიციულად და ეყრდნობა ამ სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ მოქმედების უკვე კარგად ცნობილ სცენარს - რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბი-ბი-სის არ გამოუგონია ველოსიპედი: მან მხოლოდ ის აჩვენა, რაც „რუსული ტელევიზორებიდან“ ისედაც ისმის...
ცხადია, ტელეპროექტი მხოლოდ მოვლენათა გამოგონილ განვითარებას ეყრდნობა და ცალსახად ჰიპოტეტურია.
ფილმის გადაღება ერთ შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც „თავდაცვის კომიტეტის“ სხდომა ტარდება. ფილმის მონაწილეები არა მოწვეული მსახიობები, არამედ ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, ცნობილი პოლიტიკოსები, ლორდთა პალატის წევრები და გადამდგარი გენერლები არიან. და თუ ისინი თავდაპირველად აბსოლუტურად თავდაჯერებულები ჩანდნენ, რაც უფრო რთულდებოდა სპეციალურად მათთვის შექმნილი სცენარი, მით უფრო უჭირდათ გადაწყვეტილების მიღებაც.
იმის აღსაქმელად, რამდენად ავტორიტეტული პირები მონაწილეობენ გადაცემაში, მათგან ერთის დასახელებაც იკმარებს: აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი კრისტოფერ მაიერი.
„WW3: Inside the War Room" („მესამე მსოფლიო ომი: სამეთაურო პუნქტში“) - ასე ჰქვია ფილმს. მასში მსახიობებიც არიან გამოყენებული, რომლებიც ლატვიაში რუსულენოვან მოქალაქეებს თამაშობენ. არც მათი თამაშია მაინცდამაინც გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობილი: ერთი ეპიზოდი თითქმის დეტალურად იმეორებს დონეცკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცების ტყვედ აყვანისა და ბოევიკ „გივის“ მიერ მათი დამცირების ქრონიკას, სახელოდან დანით აჭრილი უკრაინის გერბის პირში ძალით ჩატენვის ჩათვლით, ოღონდ, ცხადია, ამ ფილმში ჯარისკაცს ლატვიის დროშას აჭრიან...
მანამდე კი, სკანდირების ფონზე „რუსეთი! რუსეთი!“ ბრბო შეტევაზე გადადის ლატვიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დაუგავპილსში და მერიის შენობის თავზე ლატვიის დროშას რუსეთის დროშით ცვლის, შემდეგ კი კონტროლს სხვა დასახლებულ პუნქტებზეც ამყარებს.
ისმის მოწოდებები „ლატალო-რუსეთის რესპუბლიკის“ შექმნისა და რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით.
სწორედ ასეთმა დაკონკრეტებამ გამოიწვია გულისწყრომა ლატვიაში, ექსპერტთა ნაწილს შორის: იქ მიიჩნიეს, რომ მოწინააღმდეგე, ასეთი ფილმის გადაღების შემთხვევაში, პირობითი უნდა ყოფილიყო და არა სახელდებული.
ფილმის გამოგონილი სცენარის მიხედვით, ლატვიელების საშველად ნატო მოდის, ფლოტის ჩათვლით, თუმცა, რუსეთი ბირთვულ იარაღს იყენებს და უამრავი ადამიანი იხოცება. ამის შემდეგ რუსეთი უარყოფს ბირთვული იარაღის გამოყენების ფაქტს.
ბოლო წუთები, როცა რეალითი შოუს მონაწილეებმა „მომხრე ვარ“ ან „წინააღმდეგი ვარ“ პოზიციები უნდა გამოხატონ იმასთან დაკავშირებით, უნდა უპასუხოს თუ არა დიდმა ბრიტანეთმა ბირთვული დარტყმით რუსეთს, განსაკუთრებულად დრამატულია.