ოჰ, ეს რა ქვეყანა დავკარგეთ? - ვრცელი, დასურათებული ბლოგი სსრკ-ზე დასევდიანებულთათვის

Image

მე იმ თაობას არ მივეკუთვნები, ვინც საბჭოთა კავშირის „სიკეთეები“ მთელი თავისი „მომხიბვლელობით“ იგემა - არ შემიკერია შარვალი ფარდებისგან, არ ვყოფილვარ პიონერი, თუმცა ოქტომბრელობა ვიცი, რაცაა და სრულიად მყოფნის...

 

არც  აკრძალული ლიტერატურა წამიკითხავს იატაკქვეშა ქოხ-სამკითხველოებში და ისიც ვიცოდი, რომ სექსი ჩვენთანაც არსებობს... თუმცა მაინც მახსოვს რიგები კილოგრამი ხორცის, ქათმისა თუ კარაქის „მოსაპოვებლად“, მრავალსაათიანი ლოდინი მაღაზიაში რაღაც პირსახოცების საყიდლად, სადაც 5 თუ 6 წლის ბავშვი ბრბომ კინაღამ გამჭყლიტა. ხელზე დაწერილი ნომრებიც მახსოვს და თაროზე მარგარინის კოლოფებით გაკეთებული გოჭუნაც ( საყვარელი კი იყო?!)...

 

ყოველთვის, როცა უფროს თაობას ამ თემაზე ელაპარაკები, არგუმენტი ერთია - შენ  დაიბადე 1982 წელს და ამიტომაც არ შეგიძლია განსაჯო და შეაფასო ყველაფერი, რაც სსრ კავშირის მოქალაქეებს ჰქონდათ. კი, მაგრამ  რაც მქონდა და ჩემს მეხსიერებაში დაილექა, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ გავიაზრო იმ ცხოვრების მთელი „ბრწყინვალება“. 

 

მთელი ბავშვობა გავატარე რიგებში. ყოველი დილა ბებიასთან, დედასთან და დეიდასთან ერთად ასე იწყებოდა: ჩვენ მივდიოდით პროდუქტების მაღაზიაში იმის სანახავად, სად რა „გამოყარეს“ და სად შეიძლებოდა რაიმე დეფიციტურის „დათრევა“.

 

bl2.jpg

 

 

ნახევარ დღეში ნახევარი ქალაქი უნდა შემოგერბინა, რათა მაკარონის გარდა, რაიმე გეყიდა. საბედნიეროდ, სხვებისგან განსხვავებით, საკუთარ მეურნეობაში ვზრდიდით ქათამს, ბატს, მოგვყავდა კარტოფილი, კომბოსტო და ჭარხალი... თორემ სხვა შემთხვევაში ჩამონათვალს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებიც დაემატებოდა, სადაც შეხვიდოდი და ყველაფერი ისე ყარდა, ცხვირზე თითი უნდა მოგეჭირა, რომ არ გაგუდულიყავი. მგონი დღემდე არავინ იცის, რისი სუნი იყო ეს - აყროლებული კარტოფილის, კომბოსტოსი თუ ხილის?!

 

bl1.jpg

 

 

ჰო, შეიძლება გავიხსენო იაფფასიანი ძეხვი „ოსტანკინსკოე“ კილოგრამი 2,20-ად და „ლუბიტელსკოე“ 2, 80-ად. როგორც წესი, ძეხვს სსრკ-ს მოყვარულები იხსენებენ ხშირად... მე კი როგორც კი ამაზე ხმას ამოვიღებ, ბებიაჩემი მეუბნება, რომ ძეხვსა და სოსისსში ტუალეტის ქაღალდს ურევდნენ, რაც ასევე მეეჭვება, რადგან ტუალეტის ქაღალდი ძეხვზე დიდი დეფიციტი იყო.

 

ისე, ვისაც გერმანული ან იტალიური ძეხვი გაუსინჯავს, მას  „ოსტანკინსკოე“ აღარასდროს მოაგონდება. რასაკვირველია, 3 კაპიკიანი ფუნთუშები სასწაული იყო, მაგრამ მხოლოდ ფუნთუშითა და ლიმონათით „ბურატინო“ ვერ გაძღები.

 

ახლა ვიღაც იტყვის, უარესებიც გვინახავსო... გაიხსენებს ომს, ომისშემდეგომ წლებს, შიმშილობასა და რეპრესიებს... ეს ყველაფერი იყო, მაგრამ  ვინ მოიფიქრა ეს გასართობი, შეადაროს დღევანდელი უარესს და მერე გაიხაროს? 

 

bl8.jpg

 

 

ჩემი ქმარი 1975 წელს დაიბადა და ბევრად მეტი გამოსცადა, ვიდრე მე. ჰოდა, დღემდე იხსენებს,  პოლონეთში წასვლის წინ, რა საფუძვლიანად „დაამუშავეს“ და „ტვინი გამოურეცხეს“, რათა არ შეერცხვინა საბჭოთა მოქალაქის სახელი და არ წამოგებულიყო  კაპიტალისტური იდეოლოგიის  პროპაგანდას.

 

ნუთუ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ ეს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ არის? და თუ ასეა და მეთანხმებით, მაშინ რატომ გრძელდება  საუბრები ამერიკასა და  „ძირგამომპალ“ ევროპაზე, რომელსაც  უკვე ფაშისტური უკრაინაც დაემატა? ისევ ის  დამსჯელები და „ყოვლისშემძლე“ ბიჭები რატომ პარპაშებენ? არ გჯერათ თუ არ გახსოვთ? თუ არ გახსოვთ, ნახეთ YouTube-ზე „ვრემიას“ ნებისმიერი გამოშვება... ყველგან ერთი და იგივეა?!

 

ახლა ვათვალიერებ ინგლისელების ფოტოებს 70-იანი, 80-იანი წლები რომაა ასახული. ვხედავ იმ პერიოდის სათამაშოებს,  მახსენდება ჩემები  და გული მწყდება, რადგან მე „საბჭოელებმა“ ბავშვობა წამართვეს, წამართვეს ნორმალური სათამაშო, ფეხსაცმელი ( თუმცა ზოგიერთს სანდლებიც ჰყოფნის).

 

bl5.jpg

 

 

სკოლამაც თავისი დაღი დამასვა:  მხოლოდ 30 წლისამ შევძელი გამეკეთებინა ის, რის გამოც მე-5 კლასში დავისაჯე - ლამაზ კუბებად ვერ დავჭერი კარტოფილი „ვინეგრეტისთვის“ ( არ გაგეცინოთ, გვქონდა ასეთი შრომის გაკვეთილი, სალათს ვაკეთებდით)... მაშინ მასწავლებელმა მითხრა, რომ ამის გამო არც ერთი საბჭოთა მამაკაცი ცოლად არ წამიყვანდა. 

 

იგივე პედაგოგმა, პირველ კლასში, ოქტომბრელის ნიშნის დაკარგვისთვის დაუდევარი მეძახა და მითხრა, რომ პიონერი ვერასდროს გავხდებოდი და საერთოდ, როგორ უნდა ავაშენო ნათელი მომავალი, როცა ასეთი მოუწესრიგებელი ვარ? ამ „ბრძნული“ დარიგების შემდეგ, სკოლიდან სახლში გამომიშვეს, მაგრამ რისთვის, დღესაც არ მესმის?! ასეთი მაგალითი უამრავია და, მადლობა ღმერთს, პიონერობამდე და კომკავშირელობამდე ვეღარ მივაღწიე.   

 

დღეს დილას ვზარმაცობდი და ფეისბუქის კომენტარებში საინტერესო ამონარიდებს წავაწყდი... აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ კარგად მახსოვს, მიუხედავად ჩემი ასაკისა. თუმცა ვერაფრით ვხვდები, რატომ უნდა ამდენ ადამიანს იმ კოშმარის დაბრუნება? რა იყო იქ კარგი? ალბათ, ვიღაცისთვის  ახალგაზრდობა, ვიღაცისთვის ბავშვობა, ხეებია უზარმაზარი და შაქარი უფრო ტკბილი? მესმის... მაგრამ შეგნებულად გაიმეორო ახალგაზრდობა იმისთვის, რომ გადარჩე, ნუთუ ესაა დიადი ბედნიერება?

 

პირდაპირ გეტყვით, ეს ჩემი პოსტები არ არის  და არც ყველას მოეწონება! შემთხვევით წავაწყდი და გადავწყვიტე გაგიზიაროთ... მე სსრ კავშირში,  იმ ქვეყანაში დავიბადე, რომელიც რუკაზე უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს, მაგრამ რასაც აქ წერენ, 50-60% მართალია და მეც მახსოვს! აი, ეს პოსტებიც:

 

„ მახსოვს, შემთხვევითი თანამგზავრის მონაყოლი. ის სახალინიდან იყო და ამბობდა, რომ ზღვას უამრავი ნაგავი მოჰქონდა იაპონიიდან, ისინი დადიოდნენ ნაპირზე, აგროვებდნენ მას... აგროვებდნენ არა იმიტომ, რომ „ნაგავია“ და უნდა გაიტანო, არამედ იმიტომ, რომ მისი გამოყენება შეიძლებოდა - კოლოფები, ქილები და ა.შ. ფეხსაცმელი, ძველი, იაპონური ფეხსაცმელი, რომლის ლანჩზეც ახალს იკერავდნენ...“

 

„ტუალეტის ქაღალდი ყოველთვის დეფიციტი იყო, ამიტომაც ნებისმიერ დროს,  რიგი სადაც  არ უნდა ყოფილიყო, ყველგან დგებოდნენ... ყიდულობდნენ იმდენს, რამდენსაც მისცემდნენ (არადა, ერთ ადამიანზე განსაზღვრულ რაოდენობას ყიდდნენ). მერე ააცვამდნენ რულონებს ბაწარზე და მძივებივით იკიდებდნენ კისერზე...!“

 

„... შორეული აღმოსავლეთიდან სტუმრად ჩამოვიდნენ ჩვენი ბიძაშვილები და ყუთით ფორთოხალი ჩამოგვიტანეს... მანამდე  ვთამაშობდით ფორთოხლებით ბურთს იატაკზე, სანამ არ აგვიხსნეს, რომ ხილია და მისი ჭამა შეიძლება!“

 

„შემოდგომაზე ფეხი რომ არ დაგვსველებოდა, ჯერ პოლიეთილენის პარკს ვიხვევდით და შემდეგ ვიცვამდით ჩექმას. სხვათაშორის პარკებს ვრეცხავდით და ვაშრობდით...“

 

„ტრაგიკულად დამთავრდა ჰოკეის მატჩი საბჭოთა და კანადელ იუნიორთა შორის მოსკოვში, სპორტის სასახლეში „სოკოლნიკი“. გასასვლელების უმეტესობა დაკეტილი იყო და მატჩის შემდეგ ჭყლეტვაში 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25-მა მიიღო დაზიანება. არსებობს არეულობის გამოწვევის სხვა ვერსიაც - თამაშის შემდეგ, კანადელებს მოუნდათ სასიამოვნო სიურპრიზი მოეწყოთ გულშემატკივრებისთვის და საღეჭი რეზინები ესროლეს მათ!“

 

„... თვის ბოლოს ერთდროულად დაიწყო ამბოხებები სსრ კავშირის ჩრდილო-დასავლეთის დიდ პორტებში, ქალაქებში - ლენინგრადი, ვიბორგი, ტალინი, რიგა, კლაიპედა, ვენტსპილსი. მუშებმა უარი თქვეს უცხოეთოდან შემოსული საქონლის ჩამოტვირთვაზე, რადგან ეს ტვირთი ქვეყნის მაღაზიებში კი არა, მოსკოვში, დახურული ტიპის სპეცმაღაზიებში იყიდებოდა. ამბოხებული მუშების ნაცვლად სამუშაოდ ჯარისკაცები და სტუდენტები მიიყვანეს.“

 

„...ახალგაზრდული ჯგუფის „ტიაპ-ლაპ“ 40-50 ნიღბიანი წევრი, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ გადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღითა (აბრეზი) და მეტალის საგნებით,  დაიძრნენ ვაგზლიდან ნოვოტატარსკის ქუჩებისკენ. ორ ნაწილად გაყოფილებმა დაიწყეს მოქალაქეებისა და მილიციის  ცემა და სროლა. 

 

დაჭრილია 10 ადამიანი, მათ შორის 2 მილიციელი, მოკლულია 2 ხანდაზმული მოქალაქე და ერთი ბანდიტი. შედეგად, ბანდის არსებობა ოფიციალურად აღიარეს, პასუხისგებაში მიეცა თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის მთელი უმაღლესი შემადგენლობა. 1980 წელს, მასშტაბურმა გამოძიებამ სასამართლომდე  28 დამნაშავე მიიყვანა, მათ შორის 4-ს სიკვდილით დასჯა შეეფარდა.“

 

„... ტალინიდან წამოსვლის წინ, მაღაზიებში შევირბინეთ. ღმერთო ჩემო, რა არ ვნახეთ იქ  - ორი სახეობის ყველი, კარაქი, რძე სამი სახის, ძეხვი, ხაჭო, არაჟანი, შოკოლადი, შოკოლადის კანფეტები...“

 

„... იცით თუ არა, რომ მოდური ლამაზი ბლუზა, ქვედაბოლო ანდა ფეხსაცმელი ყველაზე იოლად შეგიძლიათ იყიდოთ ქალების ტუალეტებში. დიახ, დიახ, საზოგადოებრივ ტუალეტში პეტროვკაზე ანდა გუმში... სწორედ იქ ყვავის უცხოური „შმოტკებით“ ვაჭრობა. მთავრი ისაა, რომ ქალების ტუალეტში ხელს არ გიშლით მილიცია.“

 

bl3.jpg

 

 

„... ჩვენი სახელმწიფო მშრომელებისთვის მანქანების მიყიდვისას ჩვეულებრივი სპეკულიანტია. „ჟიგულს“ ( „ფიატი), რომელიც მთელ მსოფლიოში 1000 დოლარი ღირს, ჩვენი სახელმწიფო 7 500 მანეთად ყიდის, ხოლო „ვოლგას“, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 2000 დოლარად იყიდება, 15 000 მანეთი უჯდება მშრომელ საბჭოთა ხალხს... თუმცა მაგ ფასადაც საძებარია...“

 

bl6.jpg

 

 

„...ერთხელ ვიყიდე კონსერვი წარწერით „სადილი“ და შევწვი კარტოფილთან, ნიორთან და ხახვთან ერთად... გემრიელი გამოვიდა. დილას კი ნაცნობმა მითხრა, რომ თურმე მე მივირთვი ქათმის კონსერვი, რომელიც კატებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, მერწმუნეთ, ის ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ის, რასაც დღეს ადამიანებისთვის რუსეთში აკეთებენ!“

 

„დედა მუშაობდა საზკვებაში და მიამბო, რომ  70-იან წლებში, მილიციამ სრულიად შემთხვევით, ფაქტზე დააკავა ექსპედიტორი, რომელსაც რძე კოლმეურნეობიდან ქალაქში ჩამოჰქონდა. მამაკაცი აჩერებდა მანქანას, ცისტერნიდან იღებდა ნახევარს, ხოლო დანარჩენს წყალს უმატებდა. წყალსა და რძეს  კი ორღობეში ნაპოვნი დიდი ჯოხით ურევდა!“ 

 

„...იმისათვის რომ ცელოფანის პარკს დიდხანს გაეძლო, მასში მეორე პარკს ანდა ტილოს ხელჩანთას დებდნენ. პირველი ძალიან ლამაზი პაკეტი ცოლისთვის 25 მანეთად ვიყიდე, შორეულ ბაიკალზე... აბა, ვინ გაიხსენებს, რა ღირდა ნამდვილი უცხოური ჯინსი?!“

 

„...საღეჭი რეზინის ნაცვლად რაღაც გუდრონის  მსგავ ნივთიერებას ვღეჭავდით, რითაც შენობების ფასადებზე გადაბმის ადგილებს ავსებდნენ...»

 

„... ჩვენს უნივერსიტეტთან (89 წელია დაახლოებით) მაღაზიაში პოლონური კოსმეტიკა მოიტანეს. მაღაზიის კარი რომ ჩაკეტეს , ხალხი სათადარიგოს მიაწყდა და ატყდა საშინელი ზედახორა. რამდენიმე საათი რიგში ვიყინებოდით, ეს იყო დეკემბერი და მწარედ მახსოვს. შემდეგ თქვეს, მალე ყველაფერი გათავდება, რადგან გამყიდველებმა დიდი ნაწილი „ბარიგებისთვის“ გადაინახესო.

 

მახსოვს, სიმწრის ცრემლები, რომელიც გაყინულ ლოყებზე მეწებებოდა და ის დამცირება, რომელიც იქ ვიგრძენი. ეს ყველაფერი ნამდვილად იყო. ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ მაინც შევძელი მეყიდა რამდენიმე „პომადა“ და კიდევ რაღაც... აღარ მახსოვს..»

 

„...ინსტიტუტებში გვირიგებდნენ დეფიციტურ პროდუქტებს, სადაც დიდი ნაწილი სრულიად უსარგებლო ხარა-ხურა იყო, შვრიის ფანტელების მსგავსი. ასე იყო პეტერბურგში, 80-იან წლებში, სხვაგან არ ვიცი.“

 

„...ფერადი ტელევიზორი(!) ეს ცნება უფრო მეტი ადამიანისთვის იყო ნაცნობი, ვიდრე „მუსიკა“. ეს საოცრება  პირველ სამუშაო ადგილას ვნახე (ტელევიზორების ხელოსანი ვიყავი). თავს ვიმტვრევდით მის შეკეთებაზე, უამრავი ხალხი მუშაობდა, აქეთ-იქით დაათრევდნენ აპარატებს, კინოსკოპებს, ატელიეში პერმანენტული რიგები იდგა...

 

უმუშევრობა აშკარად არ გვემუქრებოდა, რადგან საბჭოთა ტელევიზორების შეკეთება პირდაპირ მაღაზიებში გვიწევდა, გაყიდვის წინ... ამას საბჭოთა ენაზე დელიკატური ფორმულირება ჰქონდა - „გაყიდვისწინა მომზადება“, რაც ხშირად იმით მთავრდებოდა, რომ აპარატს უკან, ქარხანაში მაღაზიიდანვე ვაგზავნიდით!“.

 

„ის რომ „ადიდასის“ სპორტული ფორმა შეიძლება მეზობლისგან გეთხოვა „სამარიაჟოდ“ და პასპორტის ფოტოს გადასაღებად, ფაქტია და არა ანეგდოტი!“

 

 „...78 წელია, მოსკოვში, უნივერსამში მანამდე მივედი, სანამ გაიხსნებოდა, რადგან ამ დროისთვის ხალხი ცოტა იყო. გაიღო კარი, დაიძრა ხალხის ნაკადი და ისეთი სიმძლავრით მიაწვა რიგს, რომ ერთ მამაკცს თითი მოჰყვა შესასვლელში მდგარ დეკორაციაში. მის ყვირილის არავინ მიაქცია ყურადღება. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სულ ცოტა ხანში გამწარებული მამაკაცი თავის მოტეხილ თითს ეძებდა.“

 

„...ვისაც როგორ შეეძლო, ისე ცხოვრობდა. 8 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ, შინ დაბრუნებული საბჭოთა ქალები დიდი ინტერესით კითხულობდნენ გლამურულ ჟურნალს „რაბოტნიცა“, სადაც დეტალურად გვასწავლიდნენ, როგორ უნდა შევუკეროთ ბავშვს პერანგი ქმრის ძველი, გადაგდებული და დახეული პერანგისგან!“

 

bl7.jpg

 

 

„...1987 წელს ახალგაზრდა ბიჭმა ჩემგან იყიდა ზოლიანი ფარდები შარვლის შესაკერად... აი, ასე, შემოვიდა, დაინახა თუ არა იყვირა, „მომყიდეო!“

 

„...ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ ფილიპმა სრულიად საბჭოთა ქალებს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. მორიგი მოსკოვური კინოფესტივალიდან დაბრუნებულმა, პარიზში მოაწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მოსკოვის მაღაზიებში ნაყიდი ქალის თეთრეული და ქვედა საცვლები. ფრანგები ჩაბჟირებამდე დასცინოდნენ საბჭოთა თეთრეულის მოდელებს, ფერსა და ხარისხს. გაოცებულები იყვნენ რუსი დიზაინერების ფანტაზიით, როცა უყურებდნენ ცისფერ, ვარდიფერ და თეთრ დათბილულ ნიფხვებსა და შალის წინდებს.“

 

„... ექვსი წლის ვიყავი და მახსოვს, დედამ პოლიკლინიკაში წამიყვანა. იქ ვიღაც დეიდა თითქმის თავს დაგვესხა და ისტერიულად ითხოვდა, მიგვეყიდა ქურქი, რომელიც მე მეცვა!“

 

„ბებიაჩემი დღემდე ინახავს საბჭოთა კავშირისდროინდელ პროდუქტებს, რომელიც ოდესღაც რეზერვად დააგროვა. დღესაც  სუნთქვა მეკვრის, როცა 1981 წელს გამოშვებულ გაქვავებული მარილის პაკეტს ვხედავ...“

 

„...ზამთარში, ქალები (გოგონებიც და ხშირად კაცებიც) ჰიგიენური პომადის ნაცვლად,   ტუჩებზე ისვამდნენ ვაზელინს „ნორკა“...

 

„საპელმენეში იყო ძმრის ბოთლი, რომელსაც საცობი ჰქონდა გახვრეტილი და მჟავე სითხე უნორმოდ იღვრებოდა. ყველა იჯღანებოდა, მაგრამ მაინც უარს არ ამბობდა საკვებზე. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს სპეციალურად კეთდებოდა, რადგან უხარისხო ხორცის გემო არავის ეგრძნო!“

 

„თვითმფრინავის კონსტუქტორი უნდა აგეწყო დიქლორეთილის ხსნარით. მახსოვს, როგორ ჩხუბობდა მამა, რომელიც გვიხსნიდა, რომ მასთან ინსტიტუტში, ეს ხსნარი ინახებოდა, როგორც მომწამვლელი შხამი. და მართალიც იყო, რადგან დიქლოეთილი არის ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მოქმედებს  ნერვულ სისტემაზე, აზიანებს თვალის რქოვანას, იწვევს ღვიძლის პათოლოგიას და დერმატიტს. ის ორგანიზმში შეიძლება დაგროვდეს დაუზიანებელი კანიდანაც კი.“

 

„დედაჩემმა  ჩემი და 1975 წელს გააჩინა, მოსკოვში. არ მავიწყდება მისი ნაამბობი, როგორ გააშიშვლეს სრულიად და გაპარსეს საშინელი ბასრი საპარსით. საწოლზე კი არ იყო თეთრეული.“

 

„... 80-იან წლებში, ოლიმპიადის წინ, დახლებიდან ყველაფერი გაქრა. კარაქიც კი. შემოიტანეს ე.წ. ბუტერბროდის კარაქი, რომელიც ძირითადად  წყლისგან შედგებოდა“.

 

„... საბავშვო ბაღის მასწავლებელი მეზობელ გასტრონომში 3-4 ბავშვთან ერთად მიდიოდა საყიდლებზე, რადგან იქ პროდუქტი მყიდველის რაოდენობის მიხედვით გაიცემოდა!“

 

„ საათები, რათქმა უნდა, „რაკეტას“ კორპუსით და „პობედას“ მექანიზმით,  60-იანი წლების გავრცელებული ტრადიცია იყო, რასაც  მამები შვილებს  მემკვიდრეობით გადასცემდნენ!“

 

„... სტომატოლოგია 90-იანი წლების ბოლომდე მე-19 საუკუნის ტექნოლოგიით მუშაობდა.  მაგალითად, ბჟენი, რომლითაც კბილს აკეთებდნენ ვიღაც გერმანელმა 1885 წელს გამოიგონა. შემადგენლობა ზუსტად იგივე იყო. როგორც შემოიტანეს წარმოებაში, ასევე აგრძელებდნენ მუშაობას, ცვლილებების გარეშე. ბურღის მანქანები? ესეც ხომ მე-19 საუკუნის სიახლე იყო...

 

და ყველაზე დიდი სისასტიკე - არ არსებობდა ტკივილგამაყუჩებელი!“

 

„მაკდონალდსი“ ჩვენთვის იყო მაღალი კლასის რესტორნის სახელი!“

 

bl9.jpg

 

 

„საახალწლო ღამეს ვაჟკაცურად ვებრძოდით ძილს, რათა რამის 3 საათზე მოგვესმინა უცხოური ესტრადა: გვენახა გდრ-ს ტელევიზიის შოუ, მოგვესმინა მარილ როდოვჩის, კარელ გოტისა და იტალიელების სიმღერები“

 

„ თქვენ ერთხელ მაინც გიჩვენებიათ დღიური კომკავშირელი პატრულისთვის... კინოთეატრში შესვლის წინ?“

 

„ შებოლილი ძეხვი უნდა დაჭრათ ძალიან თხელ  ფენებად... ისე, რომ სინათლე გადიოდეს, რადგან შესაძლებელია ის მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგღა იშოვოთ.“

 

„ქალაქში ყველაზე მაგარი მაღაზია საკომისიოა, რადგან იქ იყიდება უცხოური ორკასეტიანი მაგნიტოფონი.“

 

„ ბოტასები „საბჭოთა ადიდასი“ - ყველაზე მაგარია, რადგან მას საღამოს კაბზეც კი იცვამდნენ.“

 

„ ჩვენ გვახსოვს, ოლიმპიადის დღეებში, 80-იან წლებში, როგორ გამოჩნდა ერთჯერადი წვენები საწრუპი მილაკებით, ახალზელანდიური კარაქი კაშკაშა შეფუთვით და ფინური ჯემები სკოლის ბუფეტში... კოლოფებს კიდევ დიდხანს ინახავდნენ, როგორც ჩანს, პროდუქტის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.“

 

bl4.jpg

 

 

„ ზაფხულის არდადეგები მეცხრიდან  მეათე კლასში გადასვლის დროს - ეს იყო ექსკურსია ჩეხოსლოვაკიაში ან ბულგარეთში. ბედნიერი ვიზიტორების სიები ერთი წლით ადრე მტკიცდებოდა. ყველა ცდილობდა, ერთმანეთი დაებლოკა და არავის სჯეროდა, რომ პრაღაში შეიძლება წახვიდე ქალაქის შესანიშნავი არქიტექტურის სანახავად.

 

ებრაელი გოგონები და ბიჭები ამ სიაში არც ერთ ეტაპზე, არასდროს ხვდებოდნენ. ამის აფიშირებას არავინ ახდენდა და საკითხი არც კი განიხილებოდა. პრაღიდან დაბრუნებული  ბავშვები ერთმანეთს თავს ამეტებდნენ თეთრი ფეხსაცმელით, რომელსაც  ჩეხოსლოვაკიის სამფეროვანი დროშა ამშვენებდა. ასეთებს სსრკ-ში ვერ იყიდდი. “

 

„დარწმუნებული ხართ, რომ 35 კაპიკიანი ბურთულიანი კალმები მხოლოდ საწერად იყო გამოშვებული?   არაფერიც, ის გამოიყენებოდა ბეტონის კედელში ჩასახრახნად, რათა მერე იოლად დაემაგრებინათ ლურსმანი!“

 

და ბოლოს:

 

„მშობლები რამდენიმე წლით წავიდნენ ლატვიიდან კოგალიმში. დედაჩემი _ პროფესიით ფორტეპიანოს პედაგოგი, იქ გააგზავნეს ცემენტის ვაგონების ხელით, ნიჩბით ჩამოსატვირთად.“

 

„შავ ზღვაზე დასასვენებლად ვიყავით და შინ ავტობუსით ვბრუნდებოდით. გზაზე მანქანა გაფუჭდა, როგორც ჩანს, დაბრუნება არ უნდოდა. მძღოლმა აღმოაჩინა, რომ გაიხა რეზინის მილი, რომელიც ბენზინის სისტემასთან იყო დაკავშირებული.  მძღოლი არ დაიბნა. რეზინის მილს რამდენიმე პრეზერბვატივი წამოაცვა და ასე გავიარეთ 300 კმ სახლამდე!“

 

აი, ასეთი იყო ქვეყანა, რომელიც დავკარგეთ!

 

წყარო

 

ჩანაწერი ქართულ ენაზე ნათარგმნია InformNapalm–ის  და რადიო  “აფხაზეთის ხმის” მეგობრების, ქართველი ვოლონტიორების მიერ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !