
ინგლისის ნაკრებს, საბოლოოდ, ვერც რუნიმ უშველა, ვერც სტარიჯის სწრაფმა გოლმა პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, ვერც ცვლილებებმა და ვერც მსაჯის მიერ დამატებულმა ხუთმა წუთმა - "სკუადრა აძურამ" პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
იტალიისა და ინგლისის ნაკრებთა შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. 35-ე წუთზე ანგარიში იტალიელმა მარკიზიომ გახსნა, თუმცა, ინგლისელებმა იტალიელებს ორ წუთში უპასუხეს: გოლი სტარიჯმა გაქვითა.
მეტოქეები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, მეორე ტაიმში კი იტალიელებმა უფრო მეტად მოახერხეს კონცენტრირება შეტევაზე და ამან შედეგი ბალოტელის გოლით, 50-ე წუთზე გამოიღო. იტალიელები არც ამის შემდეგ ჩამდგარან დაცვაში და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი კიდევ შექმნეს. შესანიშნავად თამაშობდა პირლო, რომელმაც საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოახვედრა. გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ინგლისელებმაც გაუშვეს ხელიდან, რუნი ამ თამაშში დიდად ვერაფრით გამოირჩეოდა.
მატჩის განმავლობაში ინგლისელებმა კარისკენ 18-ჯერ დაარტყეს, აქედან კარში - 8-ჯერ, ხოლო იტალიელებმა კარის მიმართულებით 12-ჯერ დაარტყეს და კარში მხოლოდ 5-ჯერ წავიდა ბურთი. მათ ბურთი ძელს ოჯერ მოახვედრეს.
მთელი თამაშის განმავლობაში ბურთის ფლობის მხრივ იტალია ოდნავი უპირატესობით გამოირჩეოდა - 53%. რაც შეეხება კუთხურებს, ინგლისელებმა ის 9-ჯერ, ხოლო იტალიელებმა 2-ჯერ ჩააწოდეს. იტალიელები შვიდჯერ აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, ინგლისელები კი ერთხელ. ჰოლანდიელმა არბიტრმა ბიორნ კაიპერსმა ყვითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ, დამატებით დროში ამოიღო და ის ინგლისელმა სტერლინგმა დაიმსახურა.