
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილში მდებარე მდინარე აბაშის კანიონში 11 მოსწავლე საშიშ ადგილას ჩარჩა მას შემდეგ, რაც ისინი ერთად გადავიდნენ ნავებიდან, ნავები კი მოულოდნელად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა გაიტაცა. ერთი ბავშვი უკვე გაყვანილია სამშვიდობოს. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
სავარაუდოდ, მოსწავლეები ნავებიდან ფოტოების გადასაღებად გადავიდნენ, რასაც მდინარე აბაშის ადიდება დაემთხვა. სკოლის მოსწავლეები, ძირითადად, რუსთავიდან არიან.
შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ მაშველები, რომლებსაც, „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, თავდაპირველად პრობლემები შეექმნათ, რადგან წყლის ნაკადმა ერთი მაშველი, ნავი და სამაშველო ჟილეტებიც გაიტაცა, მაგრამ მაშველებმა ოპერაცია მაინც მაღალ დონეზე ჩაატარეს და ერთი ბავშვი რამდენიმე წუთში გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
რაც შეეხება მდინარისგან გატაცებულ მაშველს, მას ჟილეტი ეცვა, თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია, მოახერხა თუ არა ნაპირზე ამოსვლა.