
მას შემდეგ, რაც მოისმინა პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის, საპარლამენტო უმცირესობის წევრისა და კონსტიტუციონალისტის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე - პრეზიდენტმა თუ პრემიერმა, "რუსთავი-2"-ის გადაცემის "კვირის თემის" წამყვანმა თვალსაზრისები შეაჯამა.
ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა გაიხსენა ვილნიუსში გამართული პარაფირების ცერემონია: "ალბათ, გახსოვთ, მაშინ დარბაზში "შალახოს" მელოდია გაისმა, რაც ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა იმას, რაც ახლა ხდება ხელმოწერასთან დაკავშირებით, ალბათ, ისევ "შალახო" მოუხდებოდა..."