
„ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ორი დღე,ზესტაფონის სადგურზე, შუა დარბაზში მიცვალებული ესვენა და მის დანახვაზე ხალხი შიშით გარბოდა, სიმართლე აღმოჩნდა,-ამის შესახებ ,,კვირის პალიტრა“ წერს.
ზესტაფონის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსი ,გიორგი შათირიშვილი ადასტურებს, რომ 20 მაისს დილით ზესტაფონის რკინიგზის სადგურში გამოიძახეს, ვინაიდან დაფიქსირდა ადამიანის გარდაცვალება.
„ჩვენ მხოლოდ გვამის დაფიქსირება გვევალება. გვამის დაფიქსირების შემდეგ უნდა დავუკავშირდეთ კრიმინალურ პოლიციას და ადგილი დავტოვოთ, რათა ავადმყოფებს მოვემსახუროთ. რატომ იყო სადგურში საღამომდე გვამი? არ ვიცი, პოლიციის ქმედებებზე მე პასუხს ვერ გაგცემთ,“ - განაცხადა მან ,,კვირის პალიტრასთან“.
შემთხვევის შესახებ ზესტაფონის რკინიგზის სადგურის უფროსმა რამაზ ფერაძემაც გააკეთა კომენტარი. „19 მაისს საღამოს, როდესაც ჩემი სამსახურის საათები დამთავრდა, შინ წავედი და სადგურში მიცვალებული არ დამიტოვებია. დილით რომ მოვედი, უკვე მკვდარი დამხვდა, მითხრეს, მოვიდა, ცუდად გახდა და გარდაიცვალაო. სასწრაფო გამოვიძახეთ, შესაბამისი ზომები მივიღეთ და აღმოჩნდა, რომ ეს იყო უსახლკარი ადამიანი.
მოვიდა მისი შვილი და გვითხრა, - სად წავიყვანო, სად დავმარხო, არც სახლი მაქვს, არც კარი, არც კუბოს გაკეთება შემიძლია, მარტო ვარ და ვერც საფლავის მიწას გავთხრი, თქვენ თუ არ მომეხმარეთო. დავურეკეთ ზესტაფონის გამგეობას და დაეხმარნენ ამ კაცს, გაუკეთეს მამისთვის კუბო, გადასვენებინეს საღამოს, ასე 4 საათზე და დააკრძალინეს კიდეც. მანამდე მიცვალებულის გვამი სადგურში იყო, კუთხეში მივწიეთ, ზემოდან გადავაფარეთ და იდო იქ... რა უნდა გვექნა, ხომ არ გადავაგდებდით?“ - განაცხადა მან.