
იტალიის ქალაქ უდინეში მცხოვრებმა, წარმოშობით ოზურგეთელმა თემურ კილაძემ, რომელიც ჯერ რუსეთის ქალაქ უფაში, ოდნავ მოგვიანებით კი ხორვატიაში ცხოვრობდა და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, ოზურგეთში საცხოვრებლად დაბრუნება 2010 წელს გადაწყვიტა, 7 მაისს კი „ფეისბუქზე“ სტატუსი გამოაქვეყნა.
ბიზნესმენი ქვეყნიდან წასვლის სურვილს ახმიანებს და წერს, რომ ყველაფერს ჰყიდის, რათა ამ ქვეყნიდან წავიდეს:
"რომ არ დავწერო ვერ ვიზამ!! არ დავდივარ ხალხო ქორწილებში, მაგრამ მოხდა ისე რომ მომიწია მონაწილეობა,რაღაც ჯანდაბა დარბაზი ავაშენე და იქ ხდება მაგის ორგანიზაციაც.
პირველი იყო რამდენიმე დღის წინ - გამოთვრენენ, აურიეს, ერთმანეთს დედა აგინეს, მერე ქუჩაში გამოზავდნენ და დასცხეს ერთმანეთს. ახლა წარმოვიდგინე როგორ აკლია მაგენი ევროპას, თუმცა იქ ბატკნებივით გასუსულები არიან!
ხოდა, ვინაა უარესი, ის ვინც აურია, იგინა, იჩხუბა თუ ჩვენ, ვინც ყველაფერი ეს ჩავყლაპეთ და ვთქვით-კაი ,კაცო, მთვრალი იყოო!!
მთვრალი კი იყო, მარა სახლში რომ მიდის, სიტყვა ინცესტი არ იცის მარა, არ აკეთებს, გამოდის - ჩვენთან გასდის!! არა და ამ ფეისბუკში ვიძახით -მიშაიას მოვკლავთ, ბიძინას დავხვრიტავთ...
ერთი მაცოდინა რაის ტრ##ი გაქვთ?! ცხონებული დედაჩემი და მამაჩემი ცოტა ადრე რომ წასულიყვნენ ან ცოტა გვიან, ხომ არ მომიწევდა ყველაფრის ამის ნახვა და მემახსოვრებოდა კომუნისტების დროინდელი, გამძღარი, კმაყოფილი, თითქოს და მთელი მსოფლიოს მოსიყვარულე ქართველები.
ღმერთო! თუ ხარ სადმე, გამაყიდიე ყველაფერი რაც მაქვს, სახლიან-კარიანად და გამიშვი აქედან. სურათებს დავდებ, იქნებ იყიდოთ ვინმემ?!" - აცხადებს ბიზნესმენი.
„გურიის მოამბის“ ცნობით, ბიზნესმენმა გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში რამდენიმე მილიონიანი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ჯერ რესტორანი და საცხობი, მოგვიანებით მაღზია და სარიტუალო სახლი გახსნა, აპირებდა სასტუმროს აშენებას. „გურიის მოამბის“ ცნობით, თემურ კილაძეს დღეისთვის 20-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.