-
2014-05-07 01:08
ლაგოდეხში 15 წლის გოგო სკოლიდან სახლში მიმავალი გზიდან მოიტაცეს. როგორც თავად პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, 17 წლის საქმრო მას მანქანაში ყოველ ღამით აუპატიურებდა იმ მიზეზით, რომ ეს მისი ცოლად მოყვანის წინაპირობა იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს. გოგონას მშობლები გამტაცებლების დასჯას ითხოვენ, პროკურატურამ კი ამ დრომდე გოგონა დაზარალებულად არ სცნო და არც პასუხისგებაში მიუცია ვინმე.
„უნდოდა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, თუმცა მე გათხოვება ჯერ არ მინდა. სკოლაში ვსწავლობდი. მომიტაცეს. სამნი იყვნენ, თვითონ და მისი ორი მეგობარი. ყოველდღე მიცვლიდნენ ადგილსამყოფელს, რომ ჩემიანებს არ გაეგოთ სად ვიყავი.
ვერც გაქცევას ვახერხებდი. ყოველ ღამე ჯიპის მარკის ავტომანქანაში მაუპატიურებდა. ამის ჩადენას მას მისი მეგობრებიც ურჩევდნენ, როგორც აუცილებელ პირობას, რომ მე მათთვის არ მეჩივლა.
მანქანაში გარედან გვკეტავდნენ. გაუპატიურების დროს წინააღმდეგობას ვუწევდი, ფრჩხილებით და კბილებით, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციამ სამი დღის შემდეგ მოგვაგნო.
ბიჭი, რომელსაც ცოლად ვუნდოდი, დამემუქრა, თუ არ ვიტყოდი, რომ ნებით გავყევი და მას დაიჭერდნენ, მისი მეგობრები, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს, ჩემს ოჯახზე შურს იძიებდნენ, ჩემს ძმას მოკლავდნენ.
პოლიციის განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, მამასთან შეხვედრა მოვითხოვე. დედა აქ არ მყავდა, თავის ძმასთან იყო წასული სტუმრად. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ჩემს დაკითხვას ჩემი გამტაცებლის მამა დაესწრებოდა, რომელიც იქ იყო.
კიდევ ვიღაც ქალი დაასწრეს. მითხრეს, რომ პედაგოგი იყო, მაგრამ ჩვენს სკოლაში მასწავლებლად არ უმუშავია. მივეცი ჩვენება, რომ ბიჭს ჩემი ნებით გავყევი და გაუპატიურება არ მომხდარა.
მას შემდეგ, რაც პოლიციაში ჩემი ახლობლები მოვიდნენ, სიმართლე ვთქვი. პოლიციას ვუთხარი, რომ გამიტაცეს და ყოველ ღამით მაუპატიურებდა. იმავე დღეს დაიკითხა ის ბიჭიც და თქვა, რომ გამიტაცა და ჩემთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ადვოკატის რჩევით, თქვა, რომ ნებაყოფლობით გავყევი, რაც ტყუილია“, – აცხადებს 15 წლის გოგონა.
გამტაცებელი ბიჭი 17 წლის არის. ისიც სკოლის მოსწავლეა. ამბობს, რომ გოგონას ცოლად მოყვანა სურდა. მოზარდი გატაცების ფაქტს არ ადასტურებს და გაუპატიურების ფაქტსაც უარყოფს. მისი თქმით, სექსუალური კავშირისას გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ სკოლიდან მომავალი გოგონა ძალის გამოყენებით გაიტაცეს. „სკოლიდან მოდიოდა. მანქანა გაჩერდა. პირზე ხელი ააფარეს და მანქანაში შეაგდეს“, – აღნიშნა თვითმხილველმა.
სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გოგონას სხეულზე დაზიანებები აქვს სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. დაზარალებული ამბობს, რომ დაზიანებები გაუპატიურებისას წინააღმდეგობას რომ უწევდა, მაშინ მიიღო. ექსპერტიზამ დაადასტურა საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევის ფაქტიც.
გამტაცებელსაც, რომელსაც გოგონა ცოლად მოყვანა უნდოდა, სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. გოგონას თქმით, ეს დაზიანებები მან კბილებით და ფრჩხილებით მიაყენა. ამ გარემოებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ გოგონა დაზარალებულად არ ცნო და არც გატაცებასა და გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცები მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
რაიონული პროკურორი ლევან ღვედაშვილი ამბობს, რომ საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულები, მამაკაცებისთვის ბრალის წასაყენებლად. პროკურორის თქმით, არ დასტურდება უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის და გაუპატიურების ფაქტი.
„სექსუალური კავშირი, როგორც ჩანს ჰქონდათ, მაგრამ გაუპატიურება არ დასტურდება“, – აღნიშნა ლევან ღვედაშვილმა.
გოგონას მშობლები გამტაცებლების დასჯას ითხოვენ. 15 წლის გოგონა უკვე ერთი თვეა, სკოლაში აღარ დადის. მამა ამბობს, რომ მისი განმეორებით მოტაცების რისკი დიდია.
შენიშვნა: სტატიის ფოტო შერჩეულია თემატური კავშირის პრინციპით და თანდართულია აღწერილი ამბის ილუსტრაციის მიზნით