
ახალციხეში, მესხეთის თეატრში შეკრებილ „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ ვანო მერაბიშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაუკითხა, რომელმაც დამსწრეების უმრავლესობა აატირა.
დარბაზში ვანო მერაბიშვილის დედა - ჟენია მერაბიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც სხვებთან ერთად ტიროდა.
„აფხაზეთის ხმა“ ზემოთაღნიშნული წერილის ტექსტს გთავაზობთ:
„ჩემო მეგობრებო, მიხარია, რომ ყველანი ერთად და მხნედ ხართ. მიხარია, რომ ყველაფრის მიუხედავად, განწყობილი ხართ ბრძოლისთვის. დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, არის საფრთხე, რომ ახალციხემ დაკარგოს ისტორიული ფუნქცია, ანუ დაკარგოს ქალაქის ფუნქცია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალაქი დეგრადაციის მიმართულებით მიდიოდა. სამწუხაროდ, მე მხოლოდ ბოლო წლებში მოვიცალე ახალციხისთვის, რასაც ძალიან ვნანობ.
ბოლო წლებში გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, ახალციხეში შემოვიდა ბუნებრივი აირი, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, აღდგა რაბათის კომპლექსი. დაიწყო ახალი კორპუსების მშენებლობა, მაგრამ სამწუხაროდ გეგმები ბოლომდე მისაყვანია. გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ მოვასწარი.
დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან თქვენთან ერთად, დაწყებულს ბოლომდე მივიყვან და ჩვენ ქალაქს და რეგიონს მოწინავედ ვაქცევ. განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, შევქმნით სამუშაო ადგილებს და ჩვენი ხალხის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გავზრდით, ახალციხის ქალაქის ფუნქციის გაუმჯობესებით.
რაც შემეხება მე, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ბავშვობაში რომელი წიგნებიც არ იყო ახალციხის ბიბლიოთეკაში, იმ წიგნებს დღეს ვკითხულობ. ისე, კაცმა რომ თქვას, ახალციხელი და თანაც უდელი, თბილისში რომ ჩავა და ქართველებს „ჭკუას დაარიგებს“, დასაჭერი ნადვილად არის.
გისურვებთ წარმატებას და მიხარია, რომ თქვენ ხართ უამრავი“.