
კომპოზიტორთა კავშირის სახლის შენობაში, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, საღამოობით ღამის კლუბი „დისკო ბეირუთი“ იწყებს მუშაობას. როგორც ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, კლუბს 13-14 წლის ქართველი გოგონებიც სტუმრობენ და კლუბის მესვეურები არასრულწლოვანთა პროსტიტუციით არიან დაკავებული.
ამ თემაზე სიუჟეტი 3 მაისს, „კურიერის“ ეთერში გავიდა. გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე ბარის ადმინისტრაციამ დაცვის დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახა. ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გავიდნენ არც ბარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, არც დაწესებულების სტუმრები.
კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძე ამბობს, რომ ბარს ფართი ხელსეკრულების საფუძველზე დაუთმეს და არ იცის, რა ხდება იქ საღამოობით: „შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, რა ხდება იქ ყოველ საღამოს. თუ არღვევენ კანონს, არსებობენ შესაბამისი ორგანოები და დასაჯონ“, - ამბობს კახა ცაბაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს გიორგი ბურჯანაძეს აქვს ფარული ჩანაწერი, სადაც უცნობი პირები ბარში არასრულწლოვანი გოგონების მიყვანის დროზე თანხმდებიან. მისი თქმით, ჩანაწერი უკვე გადასცა საგამოძიებო ორგანოებს.
შენიშვნა: მთავარი ფოტო ილუსტრაციაა და მხოლოდ თემატურად უკავშირდება სტატიაში აღწერილ ფაქტებს